თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოში სოციალურად დაუცველი ბავშვები 1 ივლისიდან დახმარებას გაზრდილი ოდენობით მიიღებენ, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ბავშვებისთვის სოციალური დახმარების ოდენობა გაორმაგდება და ბავშვები 50 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ. ამასთან გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა.
ამიერიდან სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ ის ბავშვებო, რომლებიც 120 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახებში ცხოვრობენ – მანამდე დახმარებას იღებდნენ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულები 100 ათასი იყო.
პრემიერის თქმით, პანდემიის პერიოდში ბავშვთა შორის სიღარიბე განსაკუთრებით მწვავედ წარმოჩინდა.
„ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების, განვითარების, თვითრეალიზაციის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა შორის სიღარიბე. ბავშვების სიღარიბის შესამცირებლად ჩვენ მიზნად დავისახეთ სოციალური პოლიტიკის მკვეთრი გაუმჯობესება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად ქვეყნის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ნებისმიერმა ოჯახმა, რომელიც სოციალურად დაუცველად მიიჩნევს თავს, უნდა მიმართოს საციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლობას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, და შეავსოს სპეციალური განაცხადი. ამის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, სოციალური მუშაკი ვალდებულია მივიდეს მითითებულ მისამართზე და ოჯახის დეკლარაცია შეავსოს.
სწორედ ეს დოკუმენტი თამაშობს მთავარ როლს ქულების დათვლისას. მასში მითითებულია ინფორმაცია ოჯახის წევრების, მათი განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პენსიონერების, ბავშვების, მარტოხელა დედის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრების რაოდენობის შესახებ. გარდა ამისა, დეკლარაციაში აღინიშნება ოჯახის წევრების შემოსავლების რაოდენობა, მითითებულია, არის თუ არა მათ მფლობელობაში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, პირუტყვი, ავტომობილი და ა.შ.