ივანიშვილის სატელიტი თუ ოპოზიციონერი? ვინ არის სინამდვილეში გახარია

© Government of Georgiaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში პოლიტიკურ ასპარეზზე ცოტა ხნის წინ გამოჩენილ ახალ მოთამაშეზე შეხედულებები მაინცდამაინც არ განსხვავდება ერთმანეთისგან - არცერთი მათგანი გახარიას თავისიანად არ აღიარებს, თუმცა სერიოზულ მოწინააღმდეგედ აღიქვამს.

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. პოლიტიკიდან თითქმის ექვსი თვის წინ წასულმა მილიარდერმა, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დუმილი დაარღვია.

პირველი საჯარო განცხადება მან გააკეთა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში ახალი ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის ამპლუაში დაბრუნების შემდეგ.

პარტია „საქართველოსთვის“ - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
შეთქმულება? – გახარია კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ სარბიელზე გააქტიურებამ და მასთან ივანიშვილის კავშირის თაობაზე გავრცელებულმა ხმებმა მილიარდერს განმარტებების გაკეთებისკენ უბიძგა. ივანიშვილმა გახარიასთან თანამშრომლობას სრულიად მიუღებელი უწოდა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის პარტია მისი პოლიტიკური პროექტი არ არის.

ივანიშვილის აზრით, გახარიას პარტიას არავითარი იდეოლოგიური ან კონცეპტუალური საფუძველი არ გააჩნია და შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ მმართველ პარტიას ამომრჩეველთა ხმები წაართვას.

ივანიშვილმა გახარია იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო მოხელე თანამდებობიდან „სრულიად გაუგებარ დროს სრულიად გაუგონარი მიზეზით“ გადადგა.

მისი აზრით, გახარიამ თებერვალში არა მხოლოდ თავის გუნდს, არამედ საკუთარ ქვეყანასაც უღალატა.

ივანიშვილის განცხადებებს რეაქციები მალევე მოჰყვა. ერთ-ერთი პირველი, ვინც მილიარდერის განცხადებას გამოეხმაურა, თავად კრიტიკის ადრესატი იყო. გახარიამ თავისი პოზიცია სოციალურ ქსელში, Facebook-გვერდზე მოკლე პოსტში გამოხატა.

„მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო... სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!“, - დაწერა მან.

„ქართული ოცნების“ რეაქცია

ივანიშვილის განცხადება შეაფასეს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის სიტყვებით, ივანიშვილის დღევანდელი განცხადება ცუდად აისახება გახარიას გუნდზე.

„მათ თავიანთი ქმედებებით პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი აიძულეს, გამოსულიყო, განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა, რომ გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ .

ივანიშვილი სიმართლეს ამბობს - გახარიას პარტია შექმნილია, რათა ხმების გარკვეული რაოდენობა წაართვას „ქართულ ოცნებას“, აღნიშნა წულუკიანმა.

ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
„ჩემი პროექტი არ არის“ – ბიძინა ივანიშვილი გახარიას შესახებ

„ვნახოთ, ბრძოლის დღეც დადგება და ყველა მივალთ საარჩევნო ურნასთან. ეს იყო აუხსნელი გადაწყვეტილება, ეს იყო უვარგისი გადაწყვეტილება, როდესაც გუნდს ბოლო მომენტში გამოეცლები ხელიდან. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად ამას დავინახავთ საარჩევნო ურნაში, ხმებს როცა დავითვლით. როდესაც გაქვს პრეტენზია ლიდერობაზე, გუნდი არ უნდა მიატოვო, ეს პოლიტიკაში ნებისმიერ ბრძოლაში არის ორჯერ ორი ოთხი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის დეპუტატის, სოზარ სუბარის თქმით, ყოფილმა პრემიერმა უღალატა სახელმწიფოს და გუნდს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში.

„ეს არ იყო მხოლოდ გუნდის ღალატი, ეს იყო სახელმწიფოს ღალატი, სამართლისა და კანონის უზენაესობის ღალატი, ზურგში დანის ჩარტყმა, რადგან როცა კანონი უნდა აღსრულდეს, ხოლო პრემიერი ამბობს, რომ წინააღმდეგია კანონის აღსრულების და თანამდებობიდან მიდის, შეიძლება ამას ჰქონდეს მიზანი. ამ კაცის მიზანი იყო, ჩამოეშალა სახემწიფო ინსტიტუტები, რაც არ შედგა. რეგიონებში გახარია და მისი გუნდი დადიოდნენ და ჭორებს ავრცელებდნენ, თითქოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა, რაც იყო ტყუილი. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, პასუხი გაეცა ამ სიცრუისთვის “, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, ივანიშვილის განცხადებამ წერტილი დაუსვა პოლიტიკურ სპეკულაციებს.

„პოლიტიკიდან წასული ადამიანი იძულებული გახდა, განცხადება გაეკეთებინა. ეს წერტილს უსვამს ყველანაირ სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ანუ „ქართული ოცნება 2“. იმ კრიტიკულ მომენტში მის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო უაღრესად დამაზიანებელი არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ სახელმწიფოსა და ქვეყნის სტაბილურობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და მმართველი პარტია დატოვა მიმდინარე წლის თებერვალში. მისი გადადგომის მიზეზად დასახელდა უთანხმოება მმართველ პარტიის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის მის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. 

რას ფიქრობენ ოპოზიციაში

მმართველი პარტია ცდილობს, დაიცვას დისტანცია გახარიასთან, ვინაიდან, თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს ვერ მოაგროვებს, ეს მისთვის ხელსაყრელი არ იქნება - ფიქრობს ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია.

მისი სიტყვებით, სწორედ ამიტომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აცხადებს, რომ გახარია ნამდვილი ოპოზიციონერია და მათ გვერდით არ არის.

გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
რა სახსრებით ფინანსდება გახარიას პარტია: ინფორმაცია გასაჯაროვდება

„სავარაუდოდ, გახარია ემზადება აქტიური საარჩევნო კამპანიისთვის. ამ პროცესში ყველაფრის მოსმენას შევძლებთ. არ მჯერა იმ ნაწილის, რომ ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარიასი ეშინია, თუმცა „ქართული ოცნება“ უშვებს, რომ გახარიამ შესაძლოა, მათი ხმების ნაწილი წაიღოს. მათი კამპანია სრულიად ბუნებრივია და ოპოზიციაც მსგავს კამპანიას დაიწყებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ივანიშვილის განცხადება შეაფასა ასევე ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა.

„სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დააანონსოს და გვითხრას, მას კიდევ ვინ უღალატებს, რადგან ამ წლების განმავლობაში დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ პოსტფაქტუმ, როცა ვინმე მისი გავლენის თუ მასთან თანამშრომლობის სფეროდან გადის, შემდეგ უწოდებს მას – მოღალატეს და რას არ უწოდებს. ალბათ, სჯობს, ახლავე გვითხრას, კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მოღალატეებად გამოაცხადებს მომავალში“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის სიტყვებით, „გარჩევები“ ივანიშვილსა და გახარიას შორის ოპოზიციის გეგმებს ვერ შეცვლის.

„გახარიამ და ივანიშვილმა ერთმანეთში გაარკვიონ, ვინ ვისი კაცია. ჩვენ საკუთარი გზით მივდივართ და ვაპირებთ ამ ქვეყნის გათავისუფლებას „ქართული ოცნების“ მავნე მმართველობისგან“, - აღნიშნა ბოტკოველმა.

ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
აქვს თუ არა კავშირი გიორგი გახარიას ნამახვანჰესის ხელშეკრულებასთან

პარტია „ევროპულ საქართველოში“ დარწმუნებული არიან, რომ გახარია ივანიშვილის გავლენის ორბიტიდან არ წასულა.

„ახლა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია, გახარია აქციონ თითქოსდა ოპოზიციური ფლანგის მოთამაშედ და ამიტომ გააკეთა მან ეს განცხადება. რასაკვირველია, გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტად რჩება. იგი ყოველთვის მონურად ემორჩილებოდა და არასდროს წასულა იმ ორბიტიდან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გავლენა ეწოდება“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ.

ბოლო გამოკითხვებით, გახარია ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი და გადამდგარი პრემიერ-მინისტრია. მისი ნებისმიერი პოსტი და ფოტო სოციალურ ქსელებში ათასობით მოწონებას იმსახურებს, რაც ქართული პოლიტიკისთვის რეკორდია.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად (2021 წლის თებერვალში, გადადგომამდე), საქართველოში პოპულარულ პერსონებს შორის, პატრიარქ ილია მეორის შემდეგ, გახარიას მეორე ადგილი ეკავა.

ჯერ კიდევ პარტიის შექმნამდე მან თავის მხარეს გადაიბირა პარლამენტის ექვსი დეპუტატი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული რეგიონული ჩინოვნიკების ნაწილი.

ყველა ახალი ამბავი
0