თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველო და სომხეთი ითანამშრომლობენ გადაუდებელ სიტუაციებსა და სპეციალური სამედიცინო ჯგუფების შექმნაში, რომლებიც კატასტროფების დროს დახმარების აღმოსაჩენად მზად იქნებიან, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
„ერთად შევძლებთ – თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას საქართველოსა და სომხეთს შორის“ – ეს ორი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროების პროექტია, რომელიც მიმართულია კატასტროფის რისკების მართვის სისტემის გაუმჯობესებაზე.
პროექტი მიმართულია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მექანიზმების შექმნაზე. შესაბამისი მემორანდუმი საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროებს და ასევე საქველმოქმედო ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდს“ შორის გაფორმდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონისთვის, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში.
„ვფიქრობ, რომ რეგიონისთვის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი დაიწყო. საყოველთაო პანდემიამ და გახშირებულმა ბუნებრივმა კატასტროფებმა დაგვანახა, რომ ქვეყნების მზადყოფნა კატასტროფების მიმართ ხდება უფრო მნიშვნელოვანი. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად შევძლებთ ეფექტური მექანიზმების შექმნას კატასტროფებზე ერთობლივი რეაგირებისთვის“, – განაცხადა წოწკოლაურმა.
საქართველოსა და სომხეთში პირველად ჩამოყალიბდება გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა საჭირო რესურსით.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ალექსანდრე კალანდიას განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომლებსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაცია ექნებათ.
„აღნიშნული ჯგუფების შექმნა კიდევ უფრო აქტუალურია დღეს – გლობალური პანდემიის პირობებში”, – განაცხადა კალანდიამ.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლენა ნანუშიანმა და საქართველოს „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ დირექტორმა დიმიტრიე ტოდოროვიჩმა მოაწერეს.