თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
სტუმარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრების ორმხრივი შეხვედრა დაიწყო.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურები ჟურნალისტებისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ღარიბაშვილმა უკრაინელი კოლეგა საქართველოში მაისში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ პრემიერ-მინისტრების შეხვედრის დროს მოიწვია.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.
უკრაინის მთავრობის მეთაური დელეგაციის წევრებთან ერთად პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება.
საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. იმ დროიდან ქვეყნებს შორის 105 ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს.