თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია ჩამოყალიბდა სახელწოდებით „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“.
პარლამენტში ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ შვიდი დეპუტატია საჭირო. არსებობს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა, რომლის მიხედვით მომავალში მეათე მოწვევის პარლამენტში შესაძლებელი გახდება ფრაქციის შექმნა ოთხი დეპუტატის მიერ.
ახალ ფრაქციაში ერთიანდებიან: დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, თეონა აქუბარდია და პაატა მანჯგალაძე – ორივე „სტრატეგია აღმაშენებელი", პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, დამოუკიდებელი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე – „ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი.
ფრაქციას უხელმძღვანელებს ხათუნა სამნიძე („რესპუბლიკური პარტია"), თავმჯდომარის მოადგილე იქნება პაატა მანჯგალაძე, ხოლო ფრაქციის აპარატს უხელმძღვანელებს სერგო ჩიხლაძე („სტრატეგია აღმაშენებელი").
„დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ პარლამენტში პირველი მრავალპარტიული და დამოუკიდებელი დეპუტატებით დაკომპლექტებული ჯგუფი, ფრაქცია. ჩვენი გაერთიანების მთავარი საფუძველია შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა მოაწერა ხელი, აიღო პარტიული და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომ საპარლამენტო მუშაობისას გამოიყენებს ყველა ბერკეტს დოკუმენტის სრულად შესასრულებლად“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ფრაქციის შექმნაზე პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ მუშაობდა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატი ჰყავს.
„პირველ რიგში, ფრაქცია – ეს არის მექანიზმი, უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ პარლამენტში. ფრაქციის სახელწოდება მოდის იმ შეთანხმებიდან, რომლითაც შემოვედით პარლამენტში და რომელი შეთანხმების რეალიზებაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე“, – აღნიშნა თავის მხრივ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
13 მაისს ცნობილი გახდა ოპოზიციური ფრაქციის შექმნის შესახებ სახელწოდებით „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“, რომელშიც პარტია „ლელოს“ წევრების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ანა ნაცვლიშვილისა და დავით უსუფაშვილის გარდა, დამოუკიდებელი დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე შევიდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პარლამენტში ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ 27 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ შევიდა. ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" კი პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო. პარტიის 33 დეპუტატი პარლამენტში მომავალ კვირაში გამოჩნდება. მოსალოდნელია, რომ საკუთარი ფრაქცია მათაც შექმნან.