თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დელეგაციასთან ერთად ეწვია, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ძმურ ურთიერთობებსა და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თბილისს 2 ივნისს ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.
დენის შმიგალმა უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება.