თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ტინისხიდში მესამე დღეა 14 წლის გოგონას ეძებენ, იუწყება „პირველი არხი“.
ოჯახის წევრების განცხადებით, გოგონა ბანკში იყო წასული დედასთან და ძმასთან ერთად წმინდაწყლის დასახლებაში. დედა და ძმა შევიდნენ ბანკში და რომ გამოვიდნენ, აღარ დახვდათ გარეთ.
„დღეს მივმართეთ პოლიციას. გვეგონა, დაბრუნდებოდა. ყველგან ვეძებდით, მეგობრებთან, მამიდასთან მოვიკითხეთ. სხვა დროს ასეთი რამ არ მომხდარა. როგორც ვიცი, კამერებში ჩანს, გზის მეორე მხარეს გადავიდა წყლის დასალევად. სად უნდა გამქრალიყო ბანკის კიბეებიდან, არ ვიცით“, - განაცხადა გოგონას ბებიამ, ციური ლურსმანაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გოგონას მშობლები ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფებიან.