როგორ დავიცვათ თავი გადამდები ინფექციებისგან, ტკიპებისა და სხვა მწერების კბენისგან, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამმართველოს უფროსმა ლევან ბაიდოშვილმა ისაუბრა.
- არსებობს დაავადება, რომელიც მხოლოდ ზაფხულში აქტიურდება?
- ის დაავადებები, რომლებიც გვხვდება ზაფხულში, გვხვდება ზამთარშიც. მაგრამ თუ მთელი წლის განმავლობაში გვაქვს დიარეული დაავადებების 15-17 ათასი შემთხვევა, აქედან ივნისი–ივლისი–აგვისტოს თვეებში ფიქსირდება დაახლოებით 7-8 ათასი შემთხვევა, ფაქტიურად ნახევარი.
ზაფხულის სეზონზე ტურისტულ ადგილებში ხდება მოსახლეობის თავშეყრა, ბავშვთა დიდი ნაწილი იყრის თავს და სწორედ ამიტომ ფიქსირდება ბევრი შემთხვევა. მოგეხსენებათ, ის ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც მოზრდილი ადამიანისთვის შედარებით მარტივია, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, მათი უყურადღებობის და სიცელქიდან გამომდინარე, შედარებით რთულია და ვერ ხერხდება. შესაბამისად, ინფექციაც მარტივად ვრცელდება.
არის კიდევ ერთი ფაქტორი: ზამთრის პერიოდისგან განსხვავებით, ზაფხულში უფრო ხანგრძლივად გვიწევს თავისუფალ გარემოში, იგივე ეზოში, მდინარეზე, პარკებში ყოფნა. თავისთავად ცხადია, ასეთ ადგილებში სხვადასხვა საკვების მიღება, ხშირ შემთხვევაში, დასაბანი ხელით არის ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი წყარო. ამიტომ ზაფხულში დაავადების გადადების შანსი მეტია. ჩვენ ზამთარშიც კი ვაძლევთ ამ რეკომენდაციას, როცა ვირუსების სეზონია – აუცილებლად დაიბანეთ საპნით ხელები, თან რაც შეიძლება ხშირად.
ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც თერმულად დამუშავებას არ ექვემდებარება. მაგალითად, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხილი. აუცილებელია მათი ხარისხიანად გარეცხვა. პატარა, თვალით უნახავი ნიადაგის ნაწილაკები, რომელიც შესაძლოა ამ პროდუქტებზე იყოს დარჩენილი, საკმაოდ საშიშია და შეიძლება სავალალოც გამოდგეს. ჩვენი ეპიდემიოლოგების რჩევაა – მწვანილის რეცხვის დროს კარგად მოიჭრას მისი ძირები, ვინაიდან ძირიდან წამოსულ ყლორტებში, რაც არ უნდა კარგად გაირეცხოს, შესაძლოა შეყვეს თვალით უნახავი ნაწილაკები და უარყოფითი შედეგი მოგვიტანოს.
- რას გვეტყვით საკვებზე, რომელიც თერმულად დამუშავებულია, მაგრამ მაინც მალფუჭებადია?
- ამ შემთხვევაში ჩვენ ძირითადად მოვიაზრებთ ხოლმე რძის პროდუქტებს, რაც ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. შემიძლია ვთქვა, რომ ე.წ. სუპერმარკეტებში, სამაცივრო დანადგარების გარეშე რძის ნაწარმი პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ყველა ასეთ პროდუქტს აწერია შენახვის რეჟიმი, ვადები და ნებისმიერი პროდუქტის შეძენის დროს სწორედ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
- კიდევ ერთი თემა არის ტკიპები და სხვა მწერები. როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან?
- ტკიპები ტყე-პარკებში არ გვხვდება. დასასვენებელი არეალი ამ თვალსაზრისით საშიში არ არის. საშიშია ე.წ. ველური ბუნება, მინდვრები და ტყეები. მესმის, რომ ზაფხულია და ყველას გვინდა კომფორტულად, გრილად ვიყოთ, მაგრამ თუ გვინდა თავი დავიცვათ მწერებისგან და არა მარტო მწერებისგან, სასურველია გვეცვას გრძელმკლავიანი მაისური, გრძელტოტიანი შარვალი, დახურული ტანსაცმელი და რაც შეიძლება მაღალი წინდები. ცხადია, სახეს მთლიანად ვერ დავიფარავთ, ამიტომ სასურველია გამოვიყენოთ ე.წ. რეპელენტები, ანუ დამაფრთხობლები, რომელიც არის სხვადასხვა სახით – აეროზოლი, კრემები და ა.შ. არჩევანი თქვენზეა დამოკიდებული.
თუ მაინც მოხდა ტკიპას სხეულზე მიმაგრება, უნდა მოხდეს მისი ძალიან ფრთხილად მოცილება. ამის შემდეგ უნდა დავაკვირდეთ, რაიმე ნაწილი, ფეხი ან პირის ნაწილი ხომ არ დარჩა ჭრილობაში, რათა შემდეგ არ მოხდეს ჭრილობის დაჩირქება, რასაც მოჰყვება ხოლმე შემდგომი გართულებები.
- რა სიმპტომებს უნდა მიექცეს ამ დროს ყურადღება?
- როგორც წესი, ყველა ინფექციური დაავადება და, მათ შორის, ყირიმ–კონგოს ცხელებაც იწყება ტემპერატურის მატებით. 38-40 გრადუსამდე იზრდება ტემპერატურა, იმის მიხედვით, თუ როგორია ორგანიზმის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ამ დროს კანზე, თვალებზე, ლორწოვან გარსზე ვითარდება სისხლჩაქცევები. როგორც კი პირველი ნიშნები გამოვლინდება, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ უკვე დაგვიანებულია. რაც მთავარია, ვურჩევ ყველას, შეეშვან თვითმკურნალობას, არ დაელოდონ გართულებას და დროულად მიმართონ სპეციალისტს.