თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
ეკატერინე ტიკარაძის ახალი კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ცნობილი დღეს გახდა. მინისტრი თვითიზოლაციაში ბინაზე იმყოფება და აგრძელებს დისტანციურად მუშაობას.
„რაც შეეხება მისი აცრის სტატუსს, ქალბატონ ეკატერინეს ჩატარებული აქვს პირველი აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით, მეორე აცრის თარიღი განსაზღვრული იყო 14 ივნისისთვის, რაც 12-კვირიანი ინტერვალით დადგენილი პერიოდია, თუმცა ამ მდგომარეობის გამო, მისი მეორე ვაქცინაცია გადავადდება“, – განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, საქართველოში მოქმედი პროტოკოლით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა ინფექციის გადატანიდან 120 დღის შემდეგ კეთდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს ვადა გადაიხედოს.
„120 დღე არის ის საშუალო ინტერვალი, როდესაც გადატანილი დაავადების შემდეგ იმუნური სისტემა ჯერ კიდევ მყარია და განმეორებითი ინფიცირების რისკი არის დაბალი, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა არ იცდის ამდენს და უფრო მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის, დაახლოებით 30 დღეში ატარებს განმეორებით ვაქცინაციას“, – განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება მინისტრის კონტაქტებს, თამარ გაბუნიას განმარტებით, მათი ტესტირება გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი სხვა ინფიცირებული თანამშრომელი არ გამოვლენილა.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან პირველ ეტაპზე მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.
ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ითა და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.233 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 345.196-ს მიაღწია. 1 ივნისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 143.970 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 30.722 ადამიანი.