თბილისი, 31 მაისი - Sputnik. რუსეთში ქართული დიასპორის დღედ 12 მაისი გამოცხადდა, აღნიშნულია რუსეთში ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუსეთში ქართული დიასპორის ფორუმის ფარგლებში, რომელიც მოსკოვში 20-21 მაისს ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთში რეგიონული ქართული დიასპორების ხელმძღვანელებმა.
ამ დღის დაფუძნების ინიციატივა ეკუთვნის აღორძინებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების ფონდისა და რუსეთში ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის ხელმძღვანელ დავით ცეცხლაძეს. ფორუმის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას და შესაბამის რეზოლუციასაც მოაწერეს ხელი.
12 მაისი შემთხვევით არ შეურჩევიათ. სწორედ ამ დღეს, 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის აფეთქებისას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების ფონდთან გაიხსნა თანამემამულეთა მხარდაჭერის შტაბი, რომელმაც მიზნად დაისახა რთულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ჰუმანიტარული დახმარება. მოგვიანებით შტაბი თანამემამულეთა მხარდაჭერის ცენტრად გარდაიქმნა.
ამ დროისთვის რუსეთში ქართული დიასპორა სომხურ და აზერბაიჯანულ დიასპორებს რიცხოვნობით ჩამორჩება. ამას 2002 და 2010 წლებში ჩატარებული აღწერები და ასევე არაოფიციალური მონაცემები მოწმობს.
თუ 2010 წლის აღწერით, რუსეთში 603.070 აზერბაიჯანელი ცხოვრობდა, იმავე აღწერის თანახმად, ქართველების რაოდენობა მხოლოდ 157.803 იყო. ამასთან, შეინიშნება მათი რიცხოვნობის კლების ტენდენცია, ვინაიდან უფრო ადრინდელი, 2002 წლის აღწერის თანახმად, მათი რაოდენობა 197.934 იყო.
არაოფიციალური შეფასებებით კი მათი რიცხვი 300-500 ათასს შედგენს. ყველაფრის მიუხედავად, რუსეთში ქართული დიასპორა აქტიური, წარმომადგენლობითი და შესამჩნევია.