რუსეთში ქართული დიასპორის ფორუმი: „როდესაც ყველაფერი, რასაც აკეთებ - საჭიროა“

© photo: courtesy of Aleksandra Obolonkovaქართული დიასპორის ფორუმი
ქართული დიასპორის ფორუმი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
რუსეთში ქართული დიასპორის ფორუმი 20-21 მაისს მოსკოვში გაიმართა. შეხვედრა ასეთი სრული შემადგენლობით და ფორმატით პირველად შედგა

ალექსანდრა ობოლონკოვა

ფორუმის პირველ დღეს მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ მთელ ქვეყანაში არსებული 30 დიასპორიდან 23 დიასპორის ხელმძღვანელი. მათ რუსეთში მცხოვრები ქართველების აქტუალური პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილეს, ასევე ერთმანეთს გაუზიარეს როგორც ცალკეული ღონისძიებების ჩატარების, ისე სისტემური მუშაობის გამოცდილება.

ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს ლიდერთა საბჭოს შექმნას: „რათა გადაწყვეტილება მიიღოს არა ერთი-ორმა ადამიანმა, არამედ ფედერალური ორგანიზაციის ხელმძღვანელს ჰქონდეს მორალური და რეალური მხარდაჭერა“.

იმაზე, რომ მხოლოდ შეთანხმებული მუშაობით მიიღწევა შედეგი, ფორუმის მეორე დღეს მოსკოვის ეროვნებათა სახლში, მრგვალ მაგიდასთან ისაუბრეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ქართული დიასპორის, არამედ სხვა ეროვნული ავტონომიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

 „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა მისასალმებელ სიტყვაში „თავხედურად“, როგორც თავად აღნიშნა, მიაწერა თავი იმ ადამიანების რიცხვს, რომელთათვისაც ორივე ქვეყანა - რუსეთი და საქართველო - სამშობლოა, და ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, არსებობს ურღვევი კავშირები. იქვე დასძინა, რომ ქართული დიასპორა სამაგალითოდ მუშაობს.

შეხვედრას დაესწრნენ ადამიანები, რომელთა დახმარებითაც დიასპორამ მოსკოვში თავისი კუთხე მოაწყო: ანდრეი ბერეზინი, რუსეთის ხალხთა სახლის დირექტორი, სადაც დიასპორას საკუთარი შტაბ-ბინა აქვს, ფიოდორ კრეჩეტოვი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი, სადაც ქართული კულტურული ცენტრი იხსნება.

ფორუმის მონაწილეთა შორის იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია არსებობენ, და ორგანიზაციები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირდნენ. უფროსები გამოცდილებას უზიარებენ, ახლები კი - ახლებურ შეხედულებებს. 

© photo : courtesy of Aleksandra Obolonkovaრუსეთში ქართული დიასპორის ფორუმი
რუსეთში ქართული დიასპორის ფორუმი: „როდესაც ყველაფერი, რასაც აკეთებ - საჭიროა“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
რუსეთში ქართული დიასპორის ფორუმი

ყაზანის ქართველთა ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ხელმძღვანელმა მაია ხუხუნაშვილმა ისაუბრა, როგორ აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს რესპუბლიკაში მუშაობა თათრეთში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენლებთან. კარელიის ქართული კულტურის სათვისტომოს ხელმძღვანელმა ნაზიბროლა ჩიჩუამ ყველა დამსწრე პეტროზავოდსკში მიიწვია ორგანიზაციის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მასშტაბურ საზეიმო ღონისძიებაზე.

სოჭის ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის თავმჯდომარემ ვლადიმერ გეგეჭკორმა კი აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია, რომელიც სულ რაღაც 4 წლის წინ დაარსდა, აქტიურად მონაწილეობს ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ნოემბერში კი ოლიმპიურ პარკში გეგმავს ხუთდღიანი „გეორგიადის“ (ქართული ოლიმპიადის) ჩატარებას.

იმ დელეგატებმა, რომლებსაც ჯერ არ მიეცათ დიასპორის მუშაობაში მიღწევებით „ტრაბახის“ შესაძლებლობა, კარგი წამახალისებელი მუხტი მიიღეს: „დღეს მივემგზავრები, - აღნიშნა ერთ-ერთმა, - ხვალიდან კი ჩემს რეგიონში ვიწყებ თანამემამულეების შეკრებას“.

კოლეგების მხარდასაჭერად ფორუმზე მივიდნენ რუსეთში მცხოვრები სხვა ხალხების წარმომადგენლებიც. ქურთების ეროვნულ-კულტურული ავტონომიის თანათავმჯდომარემ ფარხათ პატიევმა გამოსვლისას ქართულადაც ისაუბრა. ხუნძების ავტონომიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მუშაობის დონე რუსეთშიც და საქართველოშიც მაღალია და ქართველებს „უფლება აქვთ, იამაყონ ორივე სამშობლოთი“. 

საქართველოსა და რუსეთის დროშები  - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
მოსკოვში ქართული დიასპორის ფორუმი გაიმართება: დასახელდა თარიღი

რამდენიმე სიტყვა თქვა რუსეთის კორეული დიასპორის წარმომადგენელმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად ორი ხალხის სიშორისა, მათ ბევრი საერთო აქვთ - მაგალითად, მთის კლიმატი, რომელიც ბევრ შრომას მოითხოვს და განსაკუთრებულ მტკიცე ხასიათს აყალიბებს, ასევე, ლობიოს, საცივისა და ჩახოხბილის სიყვარული, რომლებიც თავად სტუდენტობისას აქვს გასინჯული.

 „დარწმუნებული არ ვარ, რომ თბილისში იმდენი ქართული რესტორანია, რამდენიც მოსკოვში“, - იხუმრა ეროვნებათა საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენელმა ალიკ მიკაელიანმა. მან მოიგონა ჯავახეთში გატარებული ბავშვობის წლები, სადაც არ იკეტებოდა კარები - ადამიანებს არ ეშინოდათ ერთმანეთის. ასეთივე ღია იყო, მისი აზრით, ხალხთა შორის ურთიერთობები წლების განმავლობაში და ვერავინ ხედავდა ვერავითარ საფრთხეს. როგორი კონფლიქტებიც არ უნდა წარმოიქმნას, „გენეტიკური მეხსიერება“ მათ გადაჭრას ხელს შეუწყობს და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.

ქართული დიასპორის ხელმძღვანელის დავით ცეცხლაძის სიტყვებით, ფორუმის მთავარი მიზანი იყო ურთიერთობის დამყარება, რუსეთის სხვადასხვა კუთხის დიასპორების წარმომადგენლებისთვის ერთმანეთის ოფიციალურ და არაოფიციალურ გარემოში გაცნობის შესაძლებლობის მიცემა. და რაც მთავარია, ყველა მონაწილემ იგრძნო: რასაც ის აკეთებს - ხშირად დიდი შრომის ფასად, თავისუფალი დროისა და ოჯახთან ურთიერთობის ხარჯზე - საჭიროა და ის მარტო არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0