თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობის ტექნიკური ნაწილის განხორციელებაზე მსჯელობენ.
დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის პარტიული სიის პირველი ნომერი პოპულარული მსახიობი და მომღერალი ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე გახდა.
მაგრამ საზოგადოებაში საუბრობენ იმაზე, რომ სიაში კიკაბიძის პირველ ნომრად შეყვანა იყო პიარ-სვლა, რადგან ცნობილ საესტრადო მომღერალს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, თანაც ასაკიცაა - ის 82 წლის არის. მოსალოდნელია, რომ ამის გამო კიკაბიძე თავის მანდატზე უარს იტყვის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ცალკეული დეპუტატების, მათ შორის ბუბა კიკაბიძის პარლამენტში შესვლის საკითხი არ განიხილებოდა.
„ვერაფერს ვერ გეტყვით კიკაბიძის შესახებ. დღეს ეს საკითხი არ განიხილებოდა“, - აცნობა პრესსამსახურის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“.
ჟურნალისტების კითხვაზე, როდის დაიწყებს პარტია საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო საქმიანობას, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უპასუხა, რომ პარტია აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს.
„დღეს დავსხდებით და ტექნიკურ დეტალებს გავივლით, როგორ მოხდება ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ტექნიკური ნაწილის განხორციელება, ამ წუთას მზად არ ვარ, რომ ამაზე გიპასუხოთ", - განაცხადა დეკანოიძემ.
მისი განმარტებით, პარტია ერთიანია და „ნაციონალურ მოძრაობას" გახლეჩვის თვალსაზრისით საფრთხე არ ემუქრება.
ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 33 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
ამასთან, ენმ-ის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება არ მოაწეროს ხელი შეთანხმებას, რომელიც პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ არის შედგენილი.
აპრილში მიშელმა შესთავაზა ქართულ პოლიტიკურ ძალებს დოკუმენტი, რომელიც მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიუღებლობით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად შემუშავდა. შეთანხმება აღმოჩნდა მისაღები „ქართული ოცნებისთვის“ და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილისთვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს მას, შეწყვიტეს ბოიკოტი და პარლამენტში მუშაობას შეუდგნენ. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მის ხელმოწერაზე უარი განაცხადეს.