„ბრძოლა არ დასრულებულა" – ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე საუბრობს

© Sputnik / Alex Shlamovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
ქართული ოპოზიცია იმ დრომდე არ აპირებს უკან დახევას, ვიდრე მათი ძირითადი მოთხოვნა – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები– არ შესრულდება

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik.  ქართული ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება, რომელიც 15 მაისს რუსთაველის გამზირზე ჩატარდება.

ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები ორშაბათს რიყის პარკში შეიკრიბნენ და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„წინ სერიოზული გამოცდა გველის, იმიტომ რომ ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ბრძოლა გრძელდება და მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ჩვენ ვადამდელ არჩევნებს მივაღწევთ, როდესაც პოლიტპატიმრები დატოვებენ ციხეებს და როდესაც გატარდება ყველა რეფორმა, რომელიც ეხება როგორც სასამართლო ისე საარჩევნო სისტემას... ადამიანებს ამ ქვეყანაში ხვალინდელი დღის იმედი უნდა ჰქონდეთ. აი, რატომ უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე 15 მაისს“, – განაცხადა  ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

 „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, დღეს ქართული ოპოზიცია ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული.

„მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, სამშობლოსთან მიმართებით საერთო შეხედულება გვაქვს, რომ იგი უნდა იყოს თავისუფალი... ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით მინდა მივესალმო ერთ ადამიანს, ჩვენს თანამებრძოლს და მეგობარს, რომელიც ამ აქციას დარწმუნებული ვარ თვალყურს ადევნებს. ეს ნიკა მელიაა, რომელიც ციხეში იმყოფება. იგი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია“, – განაცხადა დეკანოიძემ. 

სალომე ზურაბიშვილია - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
პრეზიდენტი მზადაა გიორგი რურუა გარკვეული პირობებით შეიწყალოს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას 15 მაისის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

 „ეს არის სახალხო საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ჩვენ გველოდება და რომელიც საქართველოს ისტორიას დაწერს“, განაცხადა ნათელაშვილმა.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი  15 მაისის აქციისთვის მობილიზების მიზნით, რეგიონებში საკუთარ მომხრეებთან შეხვედრებს კვლავ გააგრძელებენ.

ამასთან, ოპოზიციის ნაწილი მზადყოფნას გამოთქვამს მმართველი პარტიასთან შეთანხმების განახლებულ ვარიანტს ხელი მოაწეროს.

გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას  ახალი, ხუთპუნქტიანი შეთანხმება შესთავაზა. შეთანხმება  მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ვადამდელ არჩევნებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“  მიიღებს  პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს. მანამდე, 16 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ინიციატივით განაცხადა, რომ თუ თვითმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ აიღებდა, არჩევნების ჩატარებაზე ოპოზოციის მოთხოვნას დათანხმდებოდა.  

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
დუბლი ორი: „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან შეთანხმების ახალ ვარიანტს ხელს მოაწერს

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.  კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულისთვის. ასევე,  პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადყოფნა გამოთქვა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვარიანტს ხელი მოაწეროს იმ შემთხვევაში,  თუ საერთაშორისო პარტნიორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სამართლიანობისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვით, როგორც ეს ეუთო/ოდირის დასკვნაშია აღნიშნული. 

 


ყველა ახალი ამბავი
0