თბილისი, 29 მაისი – Sputnik. ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის შესახებ, არსებული ბრიტანული და ინდური შტამების მახასიათებლებით, იტყობინება VnExpress. ამის შესახებ წერს РИА Новости.
ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა ნგუენ თხან ლონგმა განაცხადა, რომ რამდენიმე პაციენტის ანალიზების გენეტიკურმა სექვენირებამ კორონავირუსის ერთდროულად ორი გავრცელებული ვარიანტის არსებობა გამოავლინა.
აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ვიეტნამური ჰიბრიდული შტამი გაცილებით გადამდებია და ადვილად გადადის ჰაერით, წერს გამოცემა.
გამოცემა ასევე იუწყება, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი არის ქვეყანაში დაავადების ახალი შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი.
96 მილიონიან ვიეტნამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის მხოლოდ 6.570 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 47 პაციენტი, ასეთ მონაცემებს ავრცელებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი. მაგრამ მაისში ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.თუ პანდემიის მთელს პერიოდში დღიური შემთხვევების რაოდენობის მაქსიმუმი იყო 110 ადამიანი, 25 მაისს ინფიცირების უკვე 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.