თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საქართველოს „დიდი ათის“ ნახევარფინალური მატჩები რაგბიში მსაჯების პროტესტის გამო ჩაიშალა.
ნახევარფინალურ ეტაპზე „აია“ (ქუთაისი) - „ყოჩებისა“ (ბოლნისი) და „ბათუმი“ (ბათუმი) - „აკადემიის“ (თბილისი) მატჩები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა აღნიშნულ შეხვედრებზე მსაჯები არ გამოცხადდნენ.
როგორც გაირკვა, მსაჯების პროტესტი ერთ-ერთ თამაშზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც მოედანზე მყოფმა „ყოჩების“ მორაგბემ მატჩის არბიტრს შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული მოთამაშე დისკვალიფიკაციით დაისაჯა, თუმცა მოგვიანებით მას სასჯელი შეუმსუბუქეს.
ბოლნისის „ყოჩებში“ აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, თუ რატომ გახდა ეს მსაჯების პროტესტის მიზეზი, რადგან მომხდარზე გამოძიება რაგბის გამგეობაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
მომხდარ ფაქტზე რაგბის კავშირში განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის ჩატარდება „დიდი 10-ის“ ნახევარფინალები.