თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გააფრთხილა დასავლეთი, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ნაბიჯზე რესპუბლიკა ძალიან მკაცრ რეაქციას გამოავლენს, იუწყება „Sputnik–ბელარუსი“.
„ნებისმიერ სანქციაზე, შეტევასა და პროვოკაციაზე გვექნება სასტიკი რეაქცია. არა იმიტომ, რომ ჩხუბის მოწყობა გვსურს კონტინენტის შუაგულში, არამედ იმიტომ, რომ დასავლელები სხვა გზას არ გვიტოვებთ. თუ თქვენ დღეს არ შეგაჩერეთ, ხვალ შეიძლება გვიანი იყოს“, — განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას.
ლუკაშენკოს თქმით, შექმნილ ვითარებაში ბელორუსს მოეთხოვება მხოლოდ ერთი: სიტუაციის სწორი გაგება და საზოგადოების ერთიანობა. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „ყველა სხვა დროებით სირთულეს ქვეყანა გაუმკლავდება“.
ამასთან ბელარუსის ლიდერმა მოუწოდა თანამემამულეებს, არ მოტყუვდნენ დასავლეთის მიერ ქვეყანაში რეფორმების სანაცვლოდ შეთავაზებული 3 მლრდ დოლარით.
„ამ სამ მილიარდს, რომელიც უკვე ათი წელია სადღაც თაროზე იმტვერება, გამუდმებით გვთავაზობენ. ეს ატომური სადგურის ღირებულების მხოლოდ მესამედია. სანაცვლოდ კი ბელარუსის ეკონომიკის განადგურებას გვთავაზობენ. რეფორმების არსი მოგეხსენებათ. შედეგად ჩვენ მივიღებთ გაძარცულ ქვეყანას, რომელიც ერთ დღე-ღამეში გაღარიბდება“, — თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა სამჯერ დაუწესა სანქციები ბელარუსს: გასული წლის 2 ოქტომბერს, 6 ნოემბერსა და 17 დეკემბერს. ამასთან სანქციების მეორე პაკეტი თავად ალექსანდრ ლუკაშენკოსაც შეეხო. ამ დროისათვის ბრიუსელში სანქციების ახალი, მეოთხე პაკეტია დაანონსებული ბელარუსის წინააღმდეგ.