თბილისი, 26 მაისი — Sputnik. აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ახალი კორონავირუსის წარმოშობის თაობაზე სხვადასხვა თეორიების შესწავლა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში უნდა წარმოებდეს, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ რეგულარულ ბრიფინგზე.
„აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება <...> [ჯო ბაიდენის] აზრით, ჩინურმა მხარემ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს მონაცემების გადმოცემის მხრივ. იმედი გვაქვს, რომ [გამოძიების] მეორე ფაზაში ასეც იქნება“, — აღნიშნა პსაკიმ.
ამასთან პრეს-მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ მანამ, სანამ შესაბამისი მონაცემები არ იქნება, დასკვნების გაკეთება არ ღირს.
პსაკის თქმით, გამოძიებაში შეერთებული შტატებიც მიიღებს მონაწილეობას.
მანამდე გაზეთმა The Wall Street Journal-მა ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სამი მეცნიერი ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში იყო მძიმედ ავად, რაც შეიძლება ვირუსის ხელოვნური წარმოშობის თეორიის სასარგებლოდ მეტყველებდეს.
ამასთან, მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა, რომლებიც თებერვალში ჩინეთში იმყოფებოდნენ ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად. სპეციალისტები ვერ მივიდნენ ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე. როგორც მისიის შემაჯამებელი დოკუმენტიდან ირკვევა, უფრო დამაჯერებლად მიიჩნევა სცენარი, როდესაც კორონავირუსი ჯერ ცხოველებს შორის გავრცელდა, შემდეგ კი ადამიანს გადაედო. ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელი კი, მათი აზრით, SARS-CoV-2-ის ლაბორატორიულ პირობებში წარმოშობაა.