თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული, განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო მკაცრი შეზღუდვები – „კომენდანტის საათი“ და პირბადის სავალდებულო ტარება ღია და დახურულ სივრცეში – დიდი ხანია მოქმედებს. „კომენდანტის საათი“ 17 მაისამდე 21:00–05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებდა, შემდეგ აღნიშნული შეზღუდვა შემსუბუქდა და ამ ეტაპზე ღამის საათებში ქუჩაში გადაადგილება 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება.
„ქვეყანაში მოქმედი ყველა შეზღუდვა და რეგულაცია ეპიდვითარებიდან გამომდინარეა დაწესებული. თუ ეპიდსიტუაცია შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქების საშუალებას მოგვცემს, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუმცა, მეორე მხრივ, თუ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, ქვეყანა იძულებული გახდება დამატებითი რეგულაციები შემოიღოს. ყველაფერი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ღიბრაძემ.
ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით.