თბილისი, 25 მაისი — Sputnik. საქართველოს სახმელეთო საზღვრები 1 ივნისიდან გაიხსნება, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთას პირი შეძლებს ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში.
„პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR–ტესტი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ამასთან, ღიბრაძემ უცხოელ ვიზიტორებს რეკომენდაცია მისცა, თან იქონიონ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში კორონავირუსთან დაკავშირებულ სამკურნალო ხარჯებს დაფარავს.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან 2020 წლის 20 მარტიდან ჩაკეტა და გააუქმა რეგულარული ავიარეისები ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. კერძოდ, საზღვრის გადმოკვეთა ნებადართული იყო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ და ასევე ტვირთის სატრანზიტო გადამზიდავებისთვის.
საქართველომ საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები ჯერ ისევ დაკეტილია. ამ არხებით სარგებლობენ მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები, ვისაც სამშობლოში დაბრუნება სურს.
უცხოელებს ქვეყანაში ჩამოსვლა ჯერ მხოლოდ საჰაერო გზით შეუძლიათ. ამჟამად საჰაერო საზღვრებზე მკაცრი ანტივირუსული ზომები მოქმედებს.