თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს სახმელეთო საზღვრების გახსნის საკითხი განხილვის სტადიაშია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, ამ დროისათვის ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო პანდემიის პირობებშიც ტურისტული კუთხით მიმზიდველი ქვეყანა იყოს.
„სახმელეთო საზღვრების გახსნის საკითხი განხილვის სტადიაშია, სავარაუდოდ, მალე გაიხსნება... ჩვენ მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. მაგალითად, თურქეთში ცირკულირებს კორონავირუსის სამხრეთაფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამები. მე მესმის ბიზნესის, ტურიზმის ინტერესები, მაგრამ საჭიროა საკითხს სხვა მხრიდანაც შევხედოთ. რომელი ნორმალური ტურისტი წავა ქვეყანაში, სადაც რთული ვითარებაა? ამიტომაც ჩვენ, ზამთრიდან მოყოლებული, მთელი ძალები მივმართეთ იმაზე, რომ არ ყოფილიყო დიდი დატვირთვა სამედიცინო სექტორზე და არ ყოფილიყო კორონავირუსის მაღალი პიკი“, – განაცხადა იმნაძემ.
ადრე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველო სახმელეთო საზღვრების გახსნას ვაქცინაციის მაღალი ტემპების პირობებში შეძლებს.
საქართველომ საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები ჯერ ისევ დაკეტილია. ამ არხებით სარგებლობენ მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები, ვისაც სამშობლოში დაბრუნება სურს. უცხოელებს მხოლოდ ჩამოფრენა შეუძლიათ. ამასთან ერთად შეიცვალა ქვეყანაში შემოსვლის წესები და პირობები. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან 2020 წლის 20 მარტიდან ჩაკეტა და გააუქმა რეგულარული ავიარეისები ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. კერძოდ, საზღვრის გადმოკვეთა ნებადართული იყო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ და ასევე ტვირთის სატრანზიტო გადამზიდავებისთვის.
დღეისათვის ქვეყნის საჰაერო საზღვრებზე მკაცრი ანტივირუსული ზომები მოქმედებს.
საქართველოში ჩამოფრენისას მგზავრებმა საზღვარზე უნდა წარმოადგინონ PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი და განმეორებითი ანალიზი უნდა გაიკეთონ ჩამოსვლიდან მესამე დღეს.
ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩამოსვლა თავისუფალია, თუ კორონავირუსზე ვაქცინაციის სრული კურსი აქვთ ჩატარებული და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნიათ.