რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით

© photo: Sputnikთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
2020 წლის მარტიდან კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი საქართველოს სახმელეთო საზღვრები 1 ივნისიდან გაიხსნება. ქვეყანაში შემოსვლას უცხოელი ვიზიტორები რამდენიმე პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით არის შესაძლებელი, რამდენიმე ქვეყანა დაემატა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე.

საქართველოს და თურქეთის საზღვარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
საქართველო სახმელეთო საზღვრებს ხსნის

ღიბრაძის განცხადებით, ქვეყნების ჩამონათვალს ემატება იაპონია, კანადა, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი. აქამდე ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში ქვეყანაში  შემოსვლა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნების, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, მათ შორის, ტრანზიტით.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და უარყოფითი PCR–ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR–ტესტი.

„უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების შემსუბუქებასთან მიმართებაში ინარჩუნებს თანმიმდევრულ და ფრთხილ მიდგომას, რათა, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და, მეორე მხრივ, თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან 2020 წლის 20 მარტიდან ჩაკეტა და გააუქმა რეგულარული ავიარეისები ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. კერძოდ, საზღვრის გადმოკვეთა ნებადართული იყო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ, ასევე ტვირთის სატრანზიტო გადამზიდავებისთვის.

1 ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა უქმდება>>

საქართველომ საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები ჯერ ისევ დაკეტილია. ამ არხებით სარგებლობენ მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები, ვისაც სამშობლოში დაბრუნება სურს. 

უცხოელებს ქვეყანაში ჩამოსვლა ჯერ მხოლოდ საჰაერო გზით შეუძლიათ. ამჟამად საჰაერო საზღვრებზე მკაცრი ანტივირუსული ზომები მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0