თბილისი, 22 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები კატეგორიულად უარყოფენ, რომ პარტიაში განხეთქილება შეიძლება მოხდეს.
ქართული მასმედიის საშუალებები პერიოდულად წამოწევენ თემას იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი ძალის შიგნით ყველაფერი არც ისე კარგად არის. უთანხმოების მიზეზებს შორის მედია გამოყოფს ორ საკითხს: უთანხმოება პარტიის ლიდერებს შორის და „ოცნების“ ყოფილი წევრის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნება.
„არჩევნებამდე საკადრო ცვლილება არ არის დაგეგმილი. ჩვენ პირველ რიგში კონცენტრირებულები ვართ არჩევნებზე. სამომავლოდ, თუ ყრილობა გაიმართება, ყველაფერზე გადაწყვეტილებას პარტიის წევრები იღებენ. მაგრამ ყრილობა არც მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში არ არის დაგეგმილი“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მაგრამ მედიაში კულუარულ წყაროებზე დაყრდნობით სწორედ მმართველი ძალის ლიდერს ახსენებენ. ერთ-ერთი ვერსიით, კობახიძე უახლოეს დროს საერთოდ წავა პოლიტიკიდან, მეორე ვერსიით - დაიკავებს თანამდებობას საკონსტიტუციო სასამართლოში.
ეს ჭორები კატეგორიულად უარყო პარტიის გენმდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ტყუილია, პარტიას ჰყავს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სახით, მინდა ირაკლის წარმატებები ვუსურვო. ირაკლი ღარიბაშვილს რაც შეეხება, ის გახლავთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მას აქვს ძალიან სერიოზული გეგმები, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში არსებობს პანდემიის სახით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, მოგვარებული“, - განაცხადა კალაძემ.
თავად ღარიბაშვილი, რომელსაც მედიაში პარტიის თავმჯდომარის პოსტს უწინასწარმეტყველებენ, ირწმუნება, რომ მისთვის პრემიერის სამსახური უფრო მნიშვნელოვანია, ხოლო თავად პარტია „ერთიანია, როგორც არასდროს“.
ამასთან, პარტიის ერთიანობისა და ავტორიტეტის შენარჩუნებისთვის ლიდერები აქტივისტებთან შესახვედრად რეგიონებში გაემგზავრნენ. შეხვედრის პირველი ადგილი იყო აჭარა, შემდგომში ლიდერები სამეგრელოში გაემგზავრებიან.
ბოლო არჩევნებზე სამეგრელოსთვის ბრძოლა მმართველი პარტიისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა: რეგიონში სიმპათიები „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორისაა გაყოფილი. ახლა კი სიტუაცია გაართულა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ, რომელმაც პოლიტიკაში დაბრუნება სწორედ ამ რეგიონიდან დააანონსა.
ამასთან, ერთიანობისა და აქტივის შენარჩუნება „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ფონზე. მმართველი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლების 43%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე დათანხმება მოუწევს, რაც მის შემდგომ ბედს განსაზღვრავს.