კომპანია: „ნაბეღლავის“ ქარხანა გაფიცვის მიუხედავად მუშაობას აგრძელებს

© photo: Nabeghlavi / FB„ნაბეღლავის“ წარმოება
„ნაბეღლავის“ წარმოება - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
როგორც ჰოლდინგში აცხადებენ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ყველა ნაბიჯი იყოს სამართლებრივად გამართული, ასევე  გათვალისწინებულ იქნეს როგორც დასაქმებულთა, ისე კომპანიის ინტერესები.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. „მარგებელი ჰოლდინგი“ შეფერხებებით, მაგრამ მაინც აგრძელებს სამუშაო პროცესს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მესამე დღეა ხელფასების გაზრდის, სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მოლაპარაკებაში პროფკავშირების იურისტის ჩართვის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ თანამშრომლები, რომელთაც დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში კომპანია „წყალი მარგებელის" წყლის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები შეუერთდნენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ხელმძღვანელებთან ერთად პროცესში ჩართულები არიან როგორც შიდა, ასევე მოწვეული იურისტები. 

„ორივე კომპანიაში, მართალია შეფერხებებით, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰოლდინგის გადასარჩენად, მითუმეტეს, რომ რთული 2020 წელი ჰოლდინგმა მნიშვნელოვანი ზარალით დაასრულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ბორჯომის ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვა - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გაერთიანებული პროფკავშირები „ბორჯომის“ ქარხანასთან სოლიდარობის მასშტაბურ აქციას გამართავს

ასევე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, ჰოლდინგი დასაქმებულთა წინაშე შეუფერხებლად ასრულებს ვალდებულებებს.

„ყველანაირ ღონეს მივმართავთ, რათა ცივილურ და სამართლებრივ ფარგლებში გადავწყვიტოთ ყველა განსახილველი საკითხი ჩვენი თანამშრომლებისა და კომპანიების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანია მადლობას უხდის იმ თანამშრომლებს, რომლებიც გაფიცვაში მონაწილეობას არ იღებენ.

ქართული კომპანია „მარგებელი ჰოლდინგი“ 1997 წელს დაარსდა. ჰოლდინგში გაერთიანებულია მინერალური წყალი „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, კომპანია „ენგადი“ და საწარმო „მარნეული აგრო“.

საქართველოში ბოლო დღეებში ერთბაშად რამდენიმე კომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ. საპროტესტო აქციებს მართავენ „ბორჯომის“ ორივე ქარხნის მუშები, რომლებიც ასევე ხელფასების მომატებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ოზურგეთში მე-19 დღეა გაფიცულები არიან ფქვილის საწარმო „გულისტანის" თანამშრომლები. ისინი ასევე ხელფასების მომატებას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ გაიფიცნენ მიტანის სერვის Glovo-ს კურიერები.

ყველა ახალი ამბავი
0