თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები სოლიდარობას უცხადებს მინერალური წყლის ჩამომსხმელი კომპანია „ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს და მათ მხარდასაჭერ მასშტაბურ აქციას აანონსებს, იუწყება პროფკავშირების პრეს-სამსახური.
აქცია 21 მაისს, 16:00 საათზე „ბორჯომის“ ქარხანასთან გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ჭიათურელი მეშახტეები, რუსთავის „აზოტის“ თანამშრომლები, მძღოლები, მეტროს თანამშრომლები, რკინიგზელები, პროფკავშირების წარმომადგენლები და ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
გაერთიანებულ პროფკავშირებში აღნიშნავენ, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა და იმ შემთხვევაში, თუ გაფიცულების მოთხოვნები უმოკლეს ვადებში არ შესრულდება, შემდეგ აქციებზე პროფკავშირები მთელ თავის ადამიანურ რესურსს გამოიყენებს.
ქალაქ ბორჯომში „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასის გაზრდას, დასვენების უფლებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ხუთშაბათს მათ პროფკავშირების მხარდაჭერით ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს.
გაფიცულების თქმით, ბოლო წლის განმავლობაში მათი ხელფასები 200–250 ლარით შემცირდა. არასაკმარისი რაოდენობის კადრების გამო ისინი ვერ სარგებლობენ დასვენების უფლებით, ხოლო დამატებითი სამუშაოსთვის ანაზღაურება მიზერულია. თანამშრომლები კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. გაფიცვაში დაახლოებით 400 ადამიანი მონაწილეობს. ამის გამო ორივე ქარხნის მუშაობა მთლიანად შეჩერებულია.
„გაფიცვის სამი დღის განმავლობაში კომპანიის ადმინისტაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა დასაქმებულების დისკრიმინაციას, გაფიცულების მიმართ პირდაპირ დაშინებასა და მუქარას კანონიერ გაფიცვაში მონაწილეობისა და მედიასთან კომუნიკაციის გამო“, – აღნიშნულია პროფკავშირების განცხადებაში.
თანამშრომლების გაფიცვას კომპანია IDS Borjomi Georgia მაშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზად არის, დასაქმებულთა ხელფასების მატება პოზიციების მიხედვით, სამართლიანი განაწილების პრინციპით განახორციელოს. ამავდროულად კომპანია აღნიშნავს, რომ მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს, ოღონდ პროფკავშირების მონაწილეობის გარეშე. ეს შეთავაზება გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.
საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ>>
IDS Borjomi Georgia შედის საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ში, რომელიც დსთ-ისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მინერალური წყლების ბაზარზე სამიდან ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა.
მინერალურ წყალ „ბორჯომს“ საქართველოს ექსპორტში ერთ-ერთი ძირითადი ადგილი უკავია. მისი ძირითადი იმპორტიორია რუსეთი.