თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ტურიზმის მაჩვენებელი საქართველოში 2021 წელს 2019 წლის მაჩვენებლის მეოთხედი – 25% იქნება – ასეთია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის პროგნოზი.
ტურიზმის სფერო კატასტროფის ზღვარზეა – სტატისტიკური მონაცემები>>
საქართველოში კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დააზარალა. საქართველოში ტურიზმის რეკორდული მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა, როდესაც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, დარგიდან შემოსავალმა კი 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით იყო ვარაუდი, რომ 2020 წელი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ტურისტული ინდუსტრიის ყველა გეგმა და მოლოდინი ჩაშალა. 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავალი ყველაზე დაბალი – 427,7 ათასი დოლარი იყო, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 1.7 მლნ-ს შეადგენდა.
„აპრილში ზრდის ტენდენცია შეინიშნება. გაზრდილია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ისე შემოსული თანხები და, ვფიქრობთ, ეს ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. ვაქცინაციის პროცესთან და ეპიდემიის შესუსტებასთან ერთად ვფიქრობთ, რომ 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 25%-ით მაინც აღდგება ტურიზმი“, – განაცხადა კაკაურიძემ პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
ამასთან, მისი პროგნოზით, ტურიზმის ზრდა წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.
კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი დაახლოებით 10%-ს შეადგენდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წელს ის თითქმის 90%-ით შემცირდა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო.
რამდენი ტურისტი დაკარგა საქართველომ 2020 წელს პანდემიის გამო>>
მიმდინარე წლის თებერვლიდან ტურისტებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ მხოლოდ საჰაერო გზით. 2021 წლის პირველ ოთხ თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა 220.4 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 90.3%-ით ნაკლებია.