საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ

© photo: Nabeghlavi / FB„ნაბეღლავის“ წარმოება
„ნაბეღლავის“ წარმოება - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
კომპანიის თანამშრომლები ფიქსირებული ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და უარს აცხადებენ მაღაზიებში პროდუქტების შეტანაზე.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. „მარგებელი ჰოლდინგის“ სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ 70-მდე თანამშრომელი გაიფიცა, იუწყება „პირველი არხი“.

სადისტრიბუციო კომპანია რამდენიმე მსხვილ საწარმოს ემსახურება, მათ შორის „ნაბეღლავს“, „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ და სხვ.

გაფიცულები ფიქსირებული ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, ამას გარდა, წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ კუთვნილი შვებულებით სარგებლობას, დასვენება კი კვირაში ერთხელ აქვთ.

თავის მხრივ, აღნიშნულს უარყოფენ კომპანიაში. მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელის“ ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი დავით ჭკუასელი აცხადებს, რომ ხელმძღვანელობას თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს და მათ ხელფასის ჩარიცხვაზე პრობლემა არ ჰქონიათ.

გაფიცვა ბორჯომში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გაფიცვა ბორჯომში: მუშების და ხელმძღვანელობის პოზიციების დაახლოება დეპუტატმა შეძლო

„დღეს რასაც აცხადებენ, რომ ხელფასი აქვთ 630 ლარი, არ შეესაბამება სიმართლეს. მათ ხელფასთან ერთად აქვთ ბონუსები, პრემიები. 900-დან 1.000-ლარამდე გამოსდით“, – აღნიშნა დავით ჭკუასელმა.

მისი განცხადებით, თანამშრომლებთან პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და უმოკლეს ვადებში სამუშაო პროცესი სრულად განახლდება.

„მარგებელი ჰოლდინგში“ გაერთიანებულია მინერალური წყალი „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, კომპანია „ენგადი“ და საწარმო „მარნეული აგრო“.

საქართველოში ასევე გაფიცული არიან „ბორჯომის“ ორივე ქარხნის მუშები, რომლებიც ასევე ხელფასების მომატებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0