ომბუდსმენი დმანისის მოვლენებზე: სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს

© courtesy of Nino Lomjariaნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
ნინო ლომჯარიას განმარტებით, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ვითარების დროულად განმუხტვა ვერ უზრუნველყვეს

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის ძალადობრივი ინციდენტები სახელმწიფო უწყებების მხრიდან მყისიერი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს, ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება, რომელიც ბეისბოლის ბიტებისა და ხის ხელკეტების გამოყენებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, კვირას, 16 მაისს დაიწყო იმის გამო, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონემ ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა. დმანისში ვითარების ნორმალიზება მხოლოდ ორშაბათის საღამოს მოხერხდა.

„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტის მიზეზების სწორ შეფასებასა და გააზრებას და ამასთან, უფრო აქტიური პოლიტიკა გაატაროს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით“, -აღნიშნულია განცხადებაში. 

ვითარება დმანისში - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
ვითარება დმანისში: ბოლო ცნობები

სახალხო დამცველის შეფასებით, დაპირისპირების დროს რიგ შემთხვევებში სამართალდამცავი უწყების მხრიდან რეაგირება არ იყო ეფექტური. კონფლიქტში მონაწილე პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ერთმანეთს პოლიციის თანდასწრებით, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა დროულ რეაგირებას და სიტუაციის განმუხტვას.

„ამ ეტაპზე აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები შესაძლო სამართალდარღვევებზე მართლმსაჯულების აღსრულების, მომხდარის სამართლებრივი შეფასების და ეფექტიანი გამოძიების მიმართულებით. ასევე, მიმდინარე მოვლენებმა ცალსახად გამოკვეთა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა სამომავლოდ, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის, გააზრებას და გაძლიერებას საჭიროებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასობრივი დაპირისპირება დმანისში ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის თითქმის ერთი დღე-ღამე გაგრძელდა. მხარეთა შერიგება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე სასულიერო პირების ჩარევით მოხერხდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. გრძელდება ინციდენტის მონაწილეთა დაკითხვა.

დმანისში წესრიგის შესანარჩუნებლად პოლიციის დამატებითი ძალები კვლავ რჩებიან.


 

ყველა ახალი ამბავი
0