პირველი მესალამურე გოგო საქართველოში – მუსიკოსი, რომელიც ბერძნებს ქართულად ამღერებს

© courtesy of Irma Matakakiპროექტ „ვოისში“ მუშაობის დროს
პროექტ „ვოისში“ მუშაობის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
დღეს რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ საბერძნეთში მცხოვრებ პოპულარულ ქართველ მუსიკოსს ირმა აროშვილს შეგახვედრებთ.

ირმა აროშვილმა ჯერ კიდევ ბავშვობაში თითქმის ყველა ქართულ ხალხურ ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლა. იმ დროს იყო პირველი და ერთადერთი გოგო, რომელიც სალამურზე უკრავდა. უმაღლესი მუსიკალური განათლება რომ მიიღო, შექმნა კვარტეტი „ხმები“, რომელიც დაარსებიდან მალევე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა.

დღეს საბერძნეთის მუსიკალურ სამყაროში იცნობენ, როგორც ირმა მატაკაკის. პროფესიული ცოდნა გაიღრმავა ვოკალის აკადემიაში, სადაც დოცენტის წოდება მიანიჭეს. რვა წელი მუსიკალურ კოლეჯში იმუშავა ფორტეპიანოს მასწავლებლად და გუნდის დირიჟორად. იყო სამი ბერძნული ანსამბლის სოლისტი. აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში და ქართველი ემიგრანტების ბავშვებს და ბერძენ თინეიჯერებს სიმღერას ასწავლის. უფრო ვრცლად საკუთარ თავზე და საქმიანობაზე თავად მოგვითხრობს.

© photo: courtesy of Irma Matakakiირმა აროშვილი
პირველი მესალამურე გოგო საქართველოში – მუსიკოსი, რომელიც ბერძნებს ქართულად ამღერებს - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
ირმა აროშვილი

- ქალბატონო ირმა, მაინტერესებს, რა იყო თქვენს ცხოვრებაში საბერძნეთამდე, დარწმუნებული ვარ, რომ მუსიკის გარეშე არსად გიცხოვრიათ...

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მუსიკალურ ოჯახში. ჩემი მამიკო თემურ აროშვილი მუსიკალურ სკოლაში პედაგოგად დღემდე მუშაობს. ამასთან, ხალხურ მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც ამზადებს. ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემს სამ დედმამიშვილთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებში ხშირად ვიღებდი მონაწილეობას როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასე რომ, საბერძნეთამდე, ანუ 1999 წლამდე საქართველოში აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ვეწეოდი.

ჯაბა გეგეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
პრაღის ნაციონალური თეატრის ქართველი მომღერალი, ანუ როცა ოცნებაზე უარს არ ამბობ

- მუსიკალური განათლება სად მიიღეთ?

- დავიწყოთ იქიდან, რომ ექვსი წლიდან ვსწავლობდი თბილისის მე-15 მუსიკალურ სკოლაში, სადაც, ფორტეპიანოს გარდა, შევისწავლე თითქმის ყველა ქართული ხალხური ინსტრუმენტიც, ავითვისე ასევე ვოკალი. იმ დროისთვის, შემიძლია თამამად ვთქვა, საქართველოში პირველი მესალამურე გოგო ვიყავი. შემდეგ სწავლა გავაგრძელე საესტრადო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში ვოკალის და ქართული ხალხური ინსტრუმენტების სპეციალობით. სწორედ იქ გავიცანი გოგონათა კვარტეტი „ხმების" მომავალი წევრები და ჩემი ხელმძღვანელობით დავიწყეთ რეპეტიციები. მუსიკის და, კერძოდ, სიმღერისადმი სიყვარული ჩემში იმდენად ღრმად იყო გამჯდარი, რომ ამის გარეშე არსებობა ვერ წარმომედგინა.

სოფიო მახაჭაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენის ლექტორი და მისი უცხოელი სტუდენტები

- ვინ იყვნენ თქვენი კვარტეტის წევრები და რა სიმღერები იყო თქვენს რეპერტუარში?

- ჯერ იმას გეტყვით, რომ კვარტეტს „ხმები" იმიტომ დავარქვით, რომ როცა გვისმენდნენ, ყველა ამბობდა, რა კარგი და შეწყობილი ხმებიაო. მისი წევრები იყვნენ: თამრიკო გელიაშვილი, ლელა კოჭლამაზიშვილი, მაია სიჭინავა და კვარტეტის ხელმძღვანელი, თქვენი მონა-მორჩილი. ჩვენ თანაკურსელები ვიყავით და დღემდე ვმეგობრობთ. ჩვენი პროგრამა დაუღალავი შრომით როგორც ხალხური, ასევე საესტრადო სიმღერებით გავამდიდრეთ. ჩემი სწავლა-განათლების საკითხი ამით არ ამოწურულა. საესტრადო სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მივიღე შემოთავაზება და იგივე სასწავლებელში ლექციების კითხვა დავიწყე. შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტს მივაშურე. დღეს ზუსტად ვიცი, თუ შენი პროფესია გიყვარს, ყველაფერს მიაღწევ.

© photo: courtesy of Irma Matakakiირმა აროშვილი კვარტეტში „ხმები“
პირველი მესალამურე გოგო საქართველოში – მუსიკოსი, რომელიც ბერძნებს ქართულად ამღერებს - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
ირმა აროშვილი კვარტეტში „ხმები“

- კვარტეტის პოპულარობა როდის დაიწყო?

- კვარტეტის პოპულარობა დაიწყო 1991 წელს, როცა ფილარმონიაში გამართულ გრანდიოზულ სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე მეორე ადგილის მფლობელები და ლაურეატები გავხდით. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი იყო. აქვე მოგვანიჭეს ფილარმონიის მსახიობების სტატუსი, რასაც შემდგომ უამრავი შემოთავაზა მოჰყვა. იყო კონცერტები როგორც სოლო, ასევე შერეული პროგრამით ცნობილ მომღერლებთან ერთად, გასვლითი ტურები, ხმის ჩამწერ სტუდიებში მუშაობა და ჩვენი ალბომის გამოშვება...

© photo: courtesy of Irma Matakakiირმა აროშვილი სტუდიაში
პირველი მესალამურე გოგო საქართველოში – მუსიკოსი, რომელიც ბერძნებს ქართულად ამღერებს - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
ირმა აროშვილი სტუდიაში

- არადა, შემოქმედებითი და, ზოგადად, ცხოვრებისთვის საკმაოდ მძიმე დრო იყო...

- დიახ, 90-იან წლებში, მძიმე ეკონომიური კრიზისის მიუხედავად, ვცდილობდი, რომ პრობლემები დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრებით დამეძლია. ერთი პერიოდი ვითანამშრომლე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან, სადაც ბატონ თემურ ქევხიშვილის ასისტენტი ვიყავი. პარალელურად გოგონები ყოველდღიურად ვიკრიბებოდით ფილარმონიაში, სადაც გამოგვიყვეს სარეპეტიციო ოთახი და თავაუღებლად ვმუშაობდით პროგრამაზე. ძალიან მდიდარი რეპერტუარი გვქონდა. მაშინ ფანდურის აკომპანემენტით ბევრი მივიწყებული ხალხური სიმღერა გავაცოცხლეთ. ასევე გიტარისა და ფორტეპიანოს თანხლებით ვასრულებდით საავტორო სიმღერებს.

- ყველაზე მეტად რომელი გასტროლები დაგამახსოვრდათ?

- ჩვენი გასვლითი ტური, რომელიც 1997 წელს პეკინში შედგა. იქ საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალის მესამე ადგილის ლაურეატები გავხდით. სხვათა შორის, ჩვენი ბოლო სტუდიური ჩანაწერი იყო სიმღერა „სიგიჟემდე მომენატრები". თითქოს გული მიგრძნობდა, რომ სულ მალე ყველაფერი მომენატრებოდა... დღეს ჩემი კვარტეტის ორი წევრი ოჯახებით საქართველოშია, ერთი წევრი ესპანეთშია, მე კი საბერძნეთში ჩამოვედი ჩემს დასთან. მას შემდეგ 22 წელი გავიდა...

- თქვენი პირადი ცხოვრება როგორ აეწყო საბერძნეთში?

- თავიდან ყველა ემინგრანტს უჭირს, სანამ ენას ისწავლის და ნორმალურ სამსახურს იშოვის. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახალი ცხოვრების არ შემშინებია. ალბათ იმიტომ, რომ მარტო არ ვიყავი და გვერდით დაიკო მედგა. ის მამხნევებდა და ნოსტალგიის დაძლევაში მეხმარებოდა. აქვე გავიცანი ჩემი მომავალი ბერძენი მეუღლე. სხვათა შორის, ჩვენ საქართველოში ვიქორწინეთ „ხმების" სიმღერების ფონზე. დღეს სამი შვილის დედა ვარ და სამივე მუსიკალური კოლეჯის სტუდენტია.

© photo: courtesy of Irma Matakakiირმა აროშვილი სცენაზე შვილებთან ერთად
პირველი მესალამურე გოგო საქართველოში – მუსიკოსი, რომელიც ბერძნებს ქართულად ამღერებს - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
ირმა აროშვილი სცენაზე შვილებთან ერთად

- ბერძნულმა პუბლიკამ როგორ მიიღო ქართველი მომღერალი?

- საამისოდ პირველი ნაბიჯები ჩემმა მეუღლემ გადადგა. მან გამაცნო ყველა მეგობარი, ვისაც კი მუსიკასთან რაიმე შეხება ჰქონდა. ჩვენ ვთარგმნეთ ჩემი დიპლომები. ის დამეხმარა ენის სწრაფად ათვისებაში. მერე რვა წელი მუსიკალურ კოლეჯში ვიმუშავე ფორტეპიანოს მასწავლებლად და გუნდის დირიჟორად. ვიყავი სამი ბერძნული ანსამბლის სოლისტი.

© photo: courtesy of Irma Matakakiპროექტ „ვოისში“ მუშაობის დროს
პირველი მესალამურე გოგო საქართველოში – მუსიკოსი, რომელიც ბერძნებს ქართულად ამღერებს - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
პროექტ „ვოისში“ მუშაობის დროს

- როგორც ჩანს, სიმღერა მართლა დაგეხმარათ ნოსტალგიის დაძლევაში...

- დიახ, ასეა. სიმღერა ძალიან დამეხმარა ნოსტალგიის დაძლევაში. თანაც, დროთა განმავლობაში, როგორც ვოკალისტს, მომინდა, რომ ჩემი პროფესიიონალიზმი უფრო დამეხვეწა. ამიტომ ჩემი „სივი“ მივიტანე ათენის ცნობილ სატელევიზიო არხ „ანტენასთან" არსებულ ვოკალის აკადემიაში, სადაც თანამშრომლობაზე თანხმობა მივიღე. სულ მალე კი ვოკალის  დოცენტის ტიტულიც მომანიჭეს. ეს იყო ძალიან პრესტიჟული აკადემია, სადაც ბევრი ცნობილი მუსიკოსი და მომღერალი გავიცანი.

© photo: courtesy of Irma Matakakiირმა აროშვილი
პირველი მესალამურე გოგო საქართველოში – მუსიკოსი, რომელიც ბერძნებს ქართულად ამღერებს - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
ირმა აროშვილი

- ქართველ ემიგრანტ ბავშვებს სად ასწავლით სიმღერას?

- აკადემიის პარალელურად ვმოღვაწეობდი კულტურის საგანმანათლებლო სახლში „კავკასია", სადაც დავუახლოვდი აქ დაბადებულ ემინგრანტ ქართველ ბავშვებს და დავიწყე არა მარტო მათი მუსიკალურად აღზრდა, არამედ მათთან, ჩემს შვილებსა და ბერძენ სტუდენტებთან ერთად შერეულ ბერძნულ-ქართული კონცერტებისთვის აქტიური მზადებაც. ამას მოჰყვა სხვადასხვა კონცერტებში მონაწილეობის მიღება.

- საკუთარი სტუდია როდის გახსენით?

- როდესაც ჩემი შემოქმედებითი მოთხოვნილება გაიზარდა, გადავწყვიტე და მალე როგორც ქართველებისთვის, ასევე ბერძნებისთვის საკუთარი სტუდია გავხსენი. აქ ვასწავლი ფორტეპიანოზე დაკვრას, ფორტეპიანოზე, რომელიც საქართველოდან ჩამოვიტანე. ასევე ვასწავლი დაკვრას ხალხურ ინსტრუმენტებზე, რომელსაც ჩემი მამიკო ამზადებს და აქ მიგზავნის. ვასწავლი გიტარას, ვოკალის ნებისმიერ ჟანრს სხვადასხვა ენაზე. მიხარია, რომ ქართულად ჩემი ბევრი ბერძენი მოსწავლე ავამღერე.

- ალბათ ქართულ კულტურასთან შეხება უცხოეთში ცხოვრებას გიადვილებთ...

- ასეთი დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრებით და პროფესიისადმი ასეთი სიყვარულით, მთელი დღე სიმღერით და საქართველოში ხშირი სტუმრობით ნოსტალგიას ადვილად ვუმკლავდები. ღვთიური საქმეა ცოდნის გადაცემა. ბედნიერი ვარ, რომ შვილებიც ჩემ გზას მიჰყვებიან და ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ვიცი, სადაც არ უნდა ვიყოთ, სწორედ გვერდში დგომა გადაგვარჩენს და გაგვაძლიერებს...

 

ყველა ახალი ამბავი
0