თბილისი, 19 მაისი - Sputnik. მძაფრსიუჟეტიანი ფილმ „ფორსაჟი 9“-ის საპრემიერო ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში დღეს გაიმართება.
ფილმის პრემიერა, რომლის რამდენიმე ეპიზოდი საქართველოშია გადაღებული, კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო. მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ჩვენების თარიღად საბოლოოდ 25 ივნისი გამოცხადდა, თუმცა ამერიკული სტუდია Universal Pictures-ის გადაწყვეტილებით, ფილმის საპრემიერო ჩვენება დაახლოებით ერთი თვით ადრე შედგება.
აღსანიშნავია, რომ პრემიერასთან დაკავშირებით ფილმის დაწყებამდე თბილისის ქუჩებში სპორტული მანქანებით მსვლელობაა დაგეგმილი.
საქართველოს გარდა დღეს პრემიერა ჰონგ-კონგსა და რუსეთშიც გაიმართება.
ფილმის რეჟისორია ჯასტინ ლინი, მსახიობები: ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი.
„ფორსაჟის“ პირველ შვიდ ფილმში ბრაიან ო'კონერის მთავარ როლს ასრულებდა ცნობილი ამერიკელი მსახიობი პოლ უოკერი, რომელიც 2013 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 2019 წლის 19 აგვისტოდან დაიწყო და 22 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. კინომწარმოებელმა კომპანია Universal-მა ხუთწუთიანი ეპიზოდები ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე რუსთავში გადაიღო. გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 32 მლნ ლარი დაიხარჯა.