თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დავიდ მარია სასოლმა გამოთქვა სურვილი ეწვიოს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.
საქართველოში თვითმმართველობის მორიგი არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება. ცესკო არამარტო კონკრეტულ რაიონში კონკრეტული პარტიის ხმებს დაითვლის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით საერთო შედეგს დადებს. კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, ქვეყანაში 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
„ევროპარლამენტის პრეზიდენტს ვთხოვეთ, უზრუნველყონ სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა. ჩვენ ვიცით, რომ ევროპარლამენტარებს ამის სურვილი აქვთ. პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი და მიიღო მოწვევა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვიოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კუჭავამ.
ამასთან კუჭავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია სასოლის პირადი მონაწილეობა საქართველოს საქმეებში.
სწორედ ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ მიიღეს აქტიური მონაწილეობა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებაში და შეთანხმების მიღწევაში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის.
2020 წლის შემოდგომაზე ევროპულმა საზოგადოებამ აღიარა „ქართული ოცნების“ გამარჯვება არჩევნებზე, მაგრამ მკაცრად გააკრიტიკა მისი დომინირება როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ისე არჩევნების დღეს.
„ქართული ოცნებისთვის“ ეს იქნება პირველი არჩევნები მას შემდეგ, რაც ქართველმა მილიარდერმა და პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პარტია დატოვა.