თბილისი, 18 მაისი – Sputnik. მინერალური წყლის ჩამოსასხმელი კომპანია „ბორჯომის“ ხელმძღვანელობა მზადა უზრუნველყოს ხელფასების მატება პოზიციების მიხედვით, სამართლიანი გადანაწილების პრინციპით, რაც გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, ნათქვამია IDS ბორჯომი საქართველოს განცხადებაში, რომელიც მედიაში გავრცელდა.
კომპანიის ინფორმაციით, ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლების მიერ სამშაბათს დილის 10 საათზე იყო დაგეგმილი. თუმცა პირველი ცვლა უკვე 08:00 საათზე სამსახურში არ გამოცხადდა, რაც კომპანიის ადმინისტრაციის აზრით, წარმოადგენს „მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობას“.
„ვწუხვართ შექმნილი ვითარების გამო და გვსურს აღვნიშნოთ, რომ კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი, ზედმიწევნით იცავს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს. ჩვენი თანამშრომლების ანაზღაურება 30-40%-ით მეტია დღეს, შრომის ბაზარზე არსებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
გარდა ამისა, კომპანიაში არსებობს ბონუსების, ფულადი დახმარებების, შვილების სწავლების დაფინანსების პროგრამები, ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება და სხვა სახის შეღავათები.
„მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის გამო ეკონომიკური კრიზისის და კომპანიის შემცირებული შემოსავლის მიუხედავად, 100%-იანი ხელფასით შევინარჩუნეთ თითოეული თანამშრომელი და მეტიც სწორედ პანდემიის დროს, მაშინ როდესაც ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი 6.5% იყო, 2020 წლის აპრილში გავზარდეთ სახელფასო ფონდი 10%-ით“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის „ბორჯომის“ ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მცირედი შეფერხებებით აგრძელებს მუშაობას.
„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, მზად ვართ სამართლებრივ ჭრილში გავმართოთ კონსტრუქციული დიალოგი ჩვენს თანამშრომლებთან, რის მცდელობაც ბოლო პერიოდში არაერთხელ გვქონდა. ამიტომ ჩვენ გაფიცულ თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და იმედს ვიტოვებთ, რომ მოლაპარაკებების გზით მივიღებთ ყველასთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
სამშაბათს ქალაქ ბორჯომში „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლებმა ხელფასების ზრდის მოთხოვნით გაფიცვა მოაწყვეს.