„ევროპული საქართველო“ საწვავზე აქციზის გაუქმებას მოითხოვს

© photo: Giga Bokeria / FBგიგა ბოკერია
გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
ოპოზიციური პარტიის გათვლებით, აქციზის გაუქმება საწვავზე შეამცირებს არა მხოლოდ საწვავის, არამედ ყველაფერი დანარჩენის ფასსაც.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. პარტია „ევროპული საქართველო“ ბენზინის ფასის ზრდას აპროტესტებს და საწვავზე აქციზის გაუქმებას მოითხოვს.

როგორც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ თავისუფლების მოედანზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ევროპული საქართველო“ საწვავზე ფასის ზრდასთან დაკავშირებით კამპანიას იწყებს. მისი თქმით, აქციზის გაუქმების შემთხვევაში საწვავზე ფასი 0,40 ლარით შემცირდება.

დღეს ამ მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და გააკრეს სტიკერები წარწერებით: „შემცირდეს ფასი საწვავზე“, „გააუქმე აქციზი“, „მინუს 40 თეთრი“.

„საწვავის ფასი გაზარდა ივანიშვილის რეჟიმმა, როდესაც გაგვიზარდა ყველას აქციზის გადასახადი, რომ მეტი ფული ჰქონოდათ... ეს გააკეთეს რამდენიმე წლის წინ და ამის შემდეგ ეს წნეხი აწევს ყველა ქართულ ოჯახს. მარტივი ნაბიჯით – აქციზის გადასახადის გაუქმებით შესაძლებელია საწვავის ფასის 40 თეთრით შემცირება, რაც აისახება შემდეგ ყველაფრის ფასზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

ნავთობპროდუქტების ფასმა საქართველოში ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 2021 წლის დასაწყისიდან ბენზინი და დიზელის საწვავი საშუალოდ 50–60 თეთრით გაძვირდა.

ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
რუსეთმა შესაძლოა ბენზინის ექსპორტი შეზღუდოს: როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება საქართველოზე

საქართველოს დიდ ქალაქებში პერიოდულად აქციები ეწყობა, სადაც საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ. ავტომობილის მფლობელები სახელმწიფოსგან სწავავის ფასების გაკონტროლებას მოითხოვენ.

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას, როგორც ვარიანტი, აქციზის გადასახადის შემცირება შეუძლია, რომელიც 2017 წელს გაორმაგდა და ერთი ტონის ფასი 500 ლარი გახდა. მაგრამ, მისივე ვარაუდით, სახელმწიფო ამ ნაბიჯს არ გადადგამს, რადგან დაკარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს, რომელიც მას ჰაერივით სჭირდება.

საქართველოში ნავთობპროდუქტები რკინიგზითა და საზღვაო გზით შემოაქვთ. ხარისხითა და ფასით საქართველოსთვის ყველაზე მისაღებია რუსული საწვავი. სწორედ ამიტომ რუსეთი საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია, მასზე მოდის საავტომობილო საწვავის მთელი იმპორტის 31%. რუსეთიდან 2020 წელს შემოიტანეს 342,8 ათასი ტონა საწვავი – 3,9%-ით მეტი, ვიდრე 2019 წელს. 2021 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში რუსეთიდან უკვე შემოიტანეს 78,3 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი.

რუსეთის გარდა საქართველოში საწვავი შემოდის აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, თურქმენეთიდან და საბერძნეთიდან.

ყველა ახალი ამბავი
0