თბილისი, 18 მაისი — Sputnik. მიწოდების სერვისი Glovo-ს კურიერებმა შეწყვიტეს გაფიცვა და მუშაობა გააგრძელეს, მათ კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიღწიეს.
კომპანიის ინფორმაციით, ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ, ხოლო Glovo-ს აპლიკაცია შეუფერხებლად იმუშავებს. მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, კურიერები ქმნიან საკუთარ პროფკავშირს, რომელშიც გაწევრიანებას მიტანის სერვისში დასაქმებული ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
პროფკავშირის შექმნით გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა, რათა მომავალში ჩვენი უფლებები ღირსეულად იყოს დაცული, განაცხადა ტელეარხ Formula-ს ეთერში ერთ-ერთმა კურიერმა.
კურიერები ბონუსების სისტემის ცვლილებას აპროტესტებდნენ და ძველი სისტემის დაბრუნებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ბონუსების სისტემის გაუქმების შემდეგ მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა.