თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. საზოგადოება „ზნეობის“ დამფუძნებელმა გურამ ფალავანდიშვილმა „დედა ენის“ ბაღში LGBT აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია - welcome to the closet დაარბია, ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Tbilisi Pride ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გურამ ფალავანდიშვილმა „დედა ენის“ ბაღში შეკრებილ აქტივისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ დააკავონ გურამ ფალავანდიშვილი, დაიცვან ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება!“ - ნათქვამია Tbilisi Pride-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.