თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა მინდია ბარამიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. ამის შესახებ იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
მისი ინფორმაციით, მასთან ერთად ამავე ცენტრის სპეციალისტი ხვიჩა დოლბაია გაათავისუფლეს. ბარამია აცხადებს, რომ პოსტის დატოვება აიძულეს და ამას გიორგი გახარიას თანაგუნდელებთან მეგობრობას უკავშირებს. მისი თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი შეუერთდება თუ არა გიორგი გახარიას გუნდს.
ბარამია ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.
„დირექტორმა გამაცნო ეს საკითხი, რომ მე უნდა წავსულიყავი თანამდებობიდან. მიზეზი ვერ მითხრეს. სხვათა შორის, ძალიან შეწუხებული იყო ამ ყველაფრით. როდესაც უარი ვუთხარ ჩემი ნებით განცხადების დაწერაზე, თვითონ გამათავისუფლეს. მე პირადად ამ ყველაფერს ვუკავშირებ მიმდინარე პროცესებს, რომელიც მერიაში განვითარდა... გახარიას მე პირადად არ ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგ ადამიანს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებმაც მერიაში თამნამდებობები დაატოვებინეს, ჩემი მეგობრები არიან“, - განაცხადა მინდია ბარამიამ.
მომხდარს გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, შალვა კერესელიძე, რომელიც ამჟამად გიორგი გახარიას გუნდის წევრია. მისი თქმით, აღნიშნული გათავისუფლებები წარმოადგენს ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან.
„როდესაც საჯარო მოხელე ჯეროვნად ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ამისთვის არსებობს კანონი და კანონის შესაბამისად, შეიძლება მისი განთავისუფლება, მაგრამ ის რომ ყოვლად უსაფუძვლოდ გაათავისუფლო, არანაირი კანონის ფარგლებში არ ჯდება და სწორედ ამას ვგულისხობთ ზეწოლაში“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თანამდებობები დატოვეს ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ.
მანამდე პოსტები დატოვეს გორის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ და ხაშურის მერის მოადგილემ.
ყველა მათგანი მომხდარს ყოფილი პრემიერისადმი კარგ დამოკიდებულებას უკავშირებს.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა და უკვე აპრილში საკუთარი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას შეუდგა. ექს-პრემიერი საკუთარი პარტიის პრეზენტაციას მაისის ბოლომდე გეგმავს.
ნიკა ლატარია