თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ბათუმი დიდ საფეხბურთო დღესასწაულს ელოდება – 8 მაისს საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონატის მე–12 ტურის ფარგლებში მეორე წრის ცენტრალური თამაში გაიმართება, სადაც ორი „დინამო“ დაუპირისპირდება ერთმანეთს – ბათუმელები თბილისელებს უმასპინძლებენ.
საუკეთესო ახალი სტადიონი მსოფლიოში: ბათუმის არენა ასპარეზობის მოლოდინში - ვიდეო>>
ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, თბილისის „დინამო“ ჩემპიონატის ლიდერია, მაგრამ ბათუმელებს მხოლოდ სამი ქულით უსწრებს; მეორეც, ერთმანეთს ხვდებიან გასული სეზონის ჩემპიონი და ვიცე–ჩემპიონი და სავარაუდოდ, ეროვნულ ლიგაში გამარჯვებისთვის წელსაც სწორედ ეს ორი კლუბი იბრძოლებს გამარჯვებისთვის.
და ბოლოს, მესამე – მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება, ახალ გაზონზე (სპეციალური ჰიბრიდული საფარით) და რაც მთავარია, 6 200 გულშემატკივრის თანდასწრებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბილეთები სულ რამდენიმე საათში გაიყიდა.
მატჩი 20:15 საათზე დაიწყება.
ბათუმის სტადიონს საძირკველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა და ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა. ის დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. მის მშენებლობაზე თითქმის 145 მლნ ლარი დაიხარჯა. ბათუმის ახალი არენა უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონია, რომელიც უახლესი მოდელის განათების, გახმოვანებისა და სხვა სისტემებით არის აღჭურვილი.