თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ საშინაო მატჩებს ბათუმში გამართავს, ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში კიდევ სამი საშინაო შეხვედრის გამართვა მოუწევს. პირველ შემთხვევაში „ჯვაროსნები“ კოსოვოს 2 სექტემბერს უმასპინძლებენ, აქედან სამ დღეში ქართველ ფეხბურთელებს ესპანეთში მოუწევთ გამგზავრება. ორი მატჩს ჩაატარებს ნაკრები ოქტომბერშიც. ჩვენი გუნდი ბათუმში 9 ოქტომბერს საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 12 ოქტომბერს კი საქართველოს ნაკრებს კოსოვოსთან გასვლით შეხვედრაში მოუწევს თამაში. რაც შეეხება ჯგუფის ბოლო შეხვედრას, 11 ნოემბერს საქართველო-შვედეთის მატჩი გაიმართება. მასპინძლის რანგში საქართველოს ნაკრები სამივე შეხვედრას ბათუმის ახალ სტადიონზე ჩაატარებს.
აღნიშნულ ოფიციალურ შეხვედრამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ორი ამხანაგური მატჩი შეათანხმა. საქართველოს ნაკრები 2 ივნისს რუმინეთის დამარცხებას სტუმრად შეეცდება, 6 ივნისს კი ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდების წინააღმდეგ მოსინჯავს ძალებს.
საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უკვე სამი მატჩი აქვს ჩატარებული და B ჯგუფში ერთი ქულით მე-4 ადგილს იკავებს. ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი შეხვედრა მინიმალური სხვაობით შვედეთთან დათმეს (0:1), ასევე ერთი ბურთის სხვაობით წააგეს ესპანეთთან (1:2), საბერძნეთთან კი ფრედ (1:1) ითამაშეს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონს საძირკველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა და ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა. ის დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. მის მშენებლობაზე თითქმის 145 მლნ ლარი დაიხარჯა. ბათუმის ახალი არენა უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონია, რომელიც უახლესი მოდელის განათების, გახმოვანებისა და სხვა სისტემებით არის აღჭურვილი.