თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ახალციხეში ავტომანქანა, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა, სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ შევარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ მინის ფასადი შეანგრია, შენობაში შევარდა და დახლებს შეეჯახა.
„დალეწილია ვიტრინა და მილები. მძღოლი უკანა სვლაში ჩაგდებას ცდილობდა, შეეშალა და წინა სვლით წავიდა მაღალი სიჩქარით, კიდევ კარგი, ტროტუარზე არავინ იყო. მაშინვე სუპერმარკეტში შევარდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
მანქანის მარკეტში შევარდნის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მხოლოდ ავტომობილში მსხდომებს აღენიშნებათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მათ პირველადი დახმარება გაუწია.
შემთხვევა ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.