თბილისი, 4 მაისი – Sputnik. მოსახლეობის 60 პროცენტი თუ ორჯერადად იქნება აცრილი, გარე სივრცეში პირბადის ტარება საჭირო უკვე აღარ გახდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვნელმა ამირან გამყრელიძემ.
ვაქცინირებული პირებისთვის, შესაძლოა, „კომენდანტის საათი" და სხვა შეზღუდვები მოიხსნას>>
შსს-ს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 292 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 49 ფაქტი გამოვლინდა.
„აცრების, იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება, მთავარი გზა პანდემიის დასრულებისა გადის ჩვენ ქცევებზე. პირბადის ტარება აუცილებელია და კიდევ გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება. მაგრამ თუ ორჯერ ავიცრებით მოსახლეობის 60 პროცენტი, გარე სივრცეში ჩვენ უკვე პირბადეს მოვიხსნით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ მოუწოდა საზოგადოებას, აქტიურად მივიდნენ ამცრელ პუნქტებში და ვაქცინა გაიკეთონ.
დღეს ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.
რამდენიმე დღის წინ ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, იმ პირებისთვის, ვისაც ვაქცინის ორი დოზა ექნება გაკეთებული, ე.წ. კომენდანტის საათი და პანდემიის გამო დაწესებული სხვა შეზღუდვები მოიხსნას.
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით 15 მარტს დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.
ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.