თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ატირაუდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა, რომელმაც 140 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოიყვანა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს განახორციელებს ქუთაისის აეროპორტში.
ყახაზეთიდან ქუთაისში ჩამოსული რეისის პირველ მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI-ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
ატირაუს შემდეგ რეგულარული რეისები ქუთაისსა და ყაზახეთს შორის 4 მაისს, აქტაუდან და ნურ-სულთანიდან შესრულდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული რეისები თითოეულ მიმართულებაზე კვირაში ორჯერ განხორციელდება.
FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ოპერირებს.
პირველი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. კერძოდ, ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.
ასევე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.
მიმდინარე წლის თებერვლიდან ხელისუფლებამ გახსნა საჰაერო საზღვრები და გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც ხანგრძლივი სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლა.