თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ ოპერირებას იწყებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განრიგის მიხედვით, უკრაინული ავიაგადამზიდველი 30 აპრილიდან 13 ივნისამდე კიევი–თბილისი–კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ორჯერ შეასრულებს. 13 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე ავიარეისები კვირაში ერთხელ შესრულდება, ხოლო 5 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში რეისები კვირაში სამჯერ განხორციელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 29 აპრილს მიანიჭა.
სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც აისახება ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე სხვადასხვა მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.
ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებსა და განრიგებს.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.
მიმდინარე წლის თებერვლიდან ხელისუფლებამ გახსნა საჰაერო საზღვრები და გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც ხანგრძლივი სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლა.