სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭს, ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია.
სოფო მანაგაძე – იტალიის ქალაქ ტრანში არც ისე დიდი ხანია, რაც ემიგრანტია, მაგრამ უცხოეთში ყოფნის ტკივილი უკვე მთელი სიცხადით შეიგრძნო. ეს პოსტებად აკინძული მისი ფიქრები და განცდებია...
„წარსული სასწაული დრო იყო და უზომოდ მენატრება. რა იქნება, შეიძლებოდეს, რომ თუ იქ ვერ დაბრუნდები, ხანდახან კინოკადრებივით მაინც გადაავლო ხოლმე თვალი?.. ასეთი რაღაცები გულს მიჩუყებს და მაშინებს. უცხოეთში, შეიძლება ითქვას, იძულებით წამოვედი. ახლა ძალიან მეშინია, რომ ვიღაცამ ჩემი დრო არასწორად გამოიყენოს, ვერ გადავიტან უმადურობას. სანამ აქ ვარ, არავინ ვარ, არაფერი ვარ და არსად ვარ. გულის ტკივილს უფრო დიდხანს გაუძლებს ადამიანი, ვიდრე სულის ტკივილს...
ჯოჯოხეთიდან უფრო დიდ ჯოჯოხეთში ვარ, სადაც კარგად ყოფნა მხოლოდ ფურცლებზე დაწერილი ამბებია, და როცა ასეთებს ვწერ, საკუთარ თავს სიცარიელეში ვხედავ... სიცარიელე მარტოობაზე მტკივნეულია, ალბათ ამაზე უფრო მტკივნეული უარყოფა იქნება. ხშირად ვიყვირო მინდა: ადამიანებო, მე თქვენ მჭირდებით!..
არც ისე დიდი დრო გავიდა, რაც აქ ვარ... პირველ ახალ წელს იტალიელებთან შევხვდი და განსხვავებული იყო. მინდოდა რაღაც პოზიტიური დამეწერა ამ დღით გამოწვეულ ბედნიერების სიხარულზე. ინტერნეტშიც იმდენი საინტერესო და სასიამოვნო რამ ვნახე და წავიკითხე, მაგრამ შვება და სიხარული არაფერმა განმაცდევინა. რადგან, ისევე, როგორც ჩემი სიცილი, ყველაფერი მოჩვენებითია. საქართველო და ქართველი ხალხი ახლა ისე იტანჯება, როგორც მე ამ ნარივით გაფშეკილ საწოლზე, გვერდებ და გულატკიებული... აქ ჭირვეული და გატუტუცებული მოხუცის ხმა ჩამესმის. მოხუცის, რომელიც თავის კარგად ყოფნას ჩემს ნერვულ სისტემას სწირავს და თან ამით უსირცხვილოდ ტკბება...
გულს მხოლოდ მოგონებები მითბობს. ჩემმა მშობლებმა მარტო ერთიანობა კი არა, ამ ერთიანობით ერთმანეთთან სიყვარულის გამოხატვაც გვასწავლეს. ეს არ იყო მხოლოდ ტრადიციული და სავალდებულო შეკრება. ეს იყო სიამოვნება, ერთმანეთის სიყვარულით გამთბარი მხიარული, ბედნიერი დღეები. მიხარია, რომ ეს დღეები ჩემს ცხოვრებაში მართლა იყო. ევროპა ცივია, აქ ასეთ სითბოს ვერსად წააწყდები, თუმცა შეიძლება უკვე ჩვენთანაც გაიშვიათდა... ზუსტად ვიცი, როცა საქართველოში დავბრუნდები, ყველაფერს გავაკეთებ ამ ერთიანობის ტრადიციის გასაგრძელებლად. ჩვენ ისევ ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით. დღეს ასეთია სინამდვილე და სანამ ასე ყალბი, მოგონილი სიმშვიდით შევყურებთ სამყაროს, ბედნიერებას ბრჭყვიალა ნივთებში ვეძებთ.
დილა ჩემთვის რვა საათზე იწყება, მაგრამ რაღა დაწყება, თუ მთელ ღამეს მოჩვენებების დევნაში ვატარებ?! ამ დროს ვიკეთებ ყურსასმენებს და სანამ საქმეს ვაკეთებ, მსოფლიოს „ვუვლი“. ვის აღარ ვურეკავ და ვინ აღარ მირეკავს... ამ დროს ზოგს ვამშვიდებ, ზოგს ვამხნევებ, ზოგსაც ერთი კარგად შევაჯანჯღარებ, რომ გამოვაფხიზლო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულად მეჩვენება ჩემი „ტყვეობა“, ყოველთვის მზად ვარ სხვებს მოვუსმინო. ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ მათი ამბები მოსაბეზრებელია ან დამთრგუნავს და მაფიქრებინებს, რამ დაარეკინა–მეთქი. უფრო პირიქით, ვგრძნობ, რომ სახლიდან გაუსვლელადაც შემიძლია კარგი საქმე ვაკეთო და თავი რაღაცაში მაინც ვიგრძნო რეალიზებულად. ადამიანებს ძალიან აკლიათ გულახდილი საუბრები. ალბათ როცა თვალებში არ უყურებენ მოსაუბრეს, ეს გაცილებით ეიოლებათ. ერთი საქმის ორი კარგი მხარეა, ანუ ასე ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით.
რატომ ვიხოცებით უცხო მიწაზე? – ვინმეს აქვს ამ კითხვაზე პასუხი? ყველა, ვინც გულგრილად უყურებს და ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია ემიგრანტობა და ემიგრანტული ტანჯვა-წამება, მოვიდეს და ჩვენ გვერდით იცხოვროს თუნდაც ერთი თვე. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ...
ერთხელ დაღლილი, უცხო ტაძართან გაუბედავად, რიდით მივედი. გულში ვამბობდი, ესეც ღვთის სახლია, ჩემი ღმერთი აქაც დამხვდება–მეთქი. ვიგრძენი, უფალი ჩემთან ერთად როგორ მოდიოდა და უფრო გაბედულად შევაბიჯე ფეხი. ინსტიქტურად მერხზე ჩამოვჯექი და ლოცვა დავიწყე, ვილოცე ყველაზე და ყველაფერზე როგორც შემეძლო. თვალცრემლიანმა მაღლა ავიხედე, მინდოდა თვალი შემევლო ხატებისთვის და კიდევ მრავალჯერ მეთქვა – მადლობა ყველაფრისთვის, რაც გვაქვს და არ გვაქვს... მაგრამ ტაძარი ცარიელი იყო. სულ ორიოდე ქანდაკება იდგა. აი, მაშინ შევწყვიტე ძიება, რადგან მივხვდი, შენი სიყვარულის ტაძარიც და ხატებაც ჩემი გულია, რომლითაც ასე მორიდებით დაგატარებ. ახლა ზუსტად ვიცი, სად გეძებო, უფალო“…