თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. გამოცდილი 28 წლის ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს, ტრანსფერი კლუბის ადმინისტრაციამ დაადასტურა.
ანანიძემ დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტს ხელი 1+1 სისტემით მოაწერა, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით შეიძლება გაგრძელდეს. ჯანო საქართველოს მოქმედი ჩემპიონის 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.
ჯანო ანანიძე გასული წლიდან მოყოლებული თავისუფალი აგენტი იყო. მან ბოლო შეხვედრა 2020 წლის მარტში კვიპროსული „ანორთოსისის“ რიგებში ჩაატარა. „ანორთოსისიდან“ ქართველი ნახევარმცველი იჯარის წესით ვოლგოგრადის „როტორში“ აღმოჩნდა, სადაც ხშირი ტრავმიანობის გამო ოფიციალურ შეხვედრაში წუთითაც არ უთამაშია.
ანანიძეს კარიერის დიდი ნაწილი მოსკოვის „სპარტაკში“ აქვს გატარებული, სადაც ადრეულ წლებში საკმაოდ კარგი შედეგიანობით გამოირჩეოდა. გარკვეულ პერიოდში ის განათხოვრებული იყო „როსტოვსა“ და „კრილია სოვეტოვში“. 28 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 43-ჯერ ითამაშა და შვიდი გოლის გატანა მოახერხა.