კასპში სასაფლაოზე მოკლული მამაკაცის ცოლს ბრალი წარუდგინეს

© photo: Sputnikპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
მოკლული ნოდარ ღუნაშვილის მეუღლეს, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ, კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მოკლულის მეუღლეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კასპის ერთ-ერთ სასაფლაოზე 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის  ცხედარი 14 მარტს იპოვეს. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავა. გუშინ მკვლელობის საქმეზე პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი, მოკლული ღუნაშვილის მეუღლე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

სასაფლაო - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
კასპში სასაფლაოზე დანით მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 13 მარტს, ზ.კ.-მ კასპში ქ.ჩ.-ს მეუღლე ნოდარ ღუნაშვილი მათი საცხოვრებელი სახლიდან  ავტომანქანით „ქეჩერუხის“ დასახლებასთან არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა, სადაც დანით ყელი გამოჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ღუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ზ.კ.  მოკლულის მეუღლესთან სახლში დაბრუნდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალმა შეიტყო ზ.კ.-ს მიერ მისი მეუღლის მკვლელობის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

გარდა ამისა, მოკლულის მეუღლემ, ქ.ჩ.-მ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ავტომანქანის სალონში სისხლის კვალი წაშალა. 

მოკლული მამაკაცის მეუღლეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0