თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ჩვენ ამაყად და თავაწეულები დავტოვებთ ავღანეთის მისიას და მომავალშიც არსებულ ფორმატებში განვაგრძობთ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ავღანეთის მისიაში ქართველმა ჯარისკაცებმა საქართველოს სანდო და საიმედო პარტნიორის სახელი დაუმკვიდრეს.
„მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენი ჯარის როლი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და თქვენი ღირსეული მონაწილეობა ნატოს მისიაში ავღანეთში, რომელიც სექტემბრისთვის სრულდება. ამ მისიაში ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართული მხედრული სული და საქართველოს საქვეყნოდ, მთელ მსოფლიოში დაუმკვიდრეს სანდო და საიმედო პარტნიორის სახელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო ავღანეთიდან საკუთარი სამშვიდობო კონტინგენტის გამოყვანას დაიწყებს, რომელიც ამჟამად იქ ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მონაწილეობს. ავღანეთიდან სამხედრო ძალების გამოყვანის პროცესი 1 მაისიდან დაიწყება.
საქართველოს თავდაცვის უწყების განცხადებით, ნატოს ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით ქართული მხარე ორმხრივ ფორმატში კონსულტაციებს აწარმოებს როგორც ნატოსთან, ისე თავის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-თან. ქართული ქვედანაყოფის ავღანეთიდან გამოყვანა მათთან კოორდინაციით მოხდება.
საქართველო ავღანეთში სამშვიდობო მისიაში 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია. ამ წლების განმავლობაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას თავდაცვის ძალების ათასობით სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა.
ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.
საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.
აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესი 1 მაისს დაიწყება და 11 სექტემბრამდე დასრულდება. ჯარების გამოყვანა პარტნიორებთან სრული კოორდინაციით მოხდება.
2020 წელს კატარში შეერთებულმა შტატებმა და ავღანეთის რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ 18-წლიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც 14 თვეში ავღანეთიდან უცხოური ჯარების გაყვანას და ტყვეთა გაცვლის შემდეგ ავღანეთის შიგნით დიალოგის დაწყებას გულისხმობს. შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს ავღანეთის ტერიტორიიდან ჯარები 2021 წლის 1 მაისისთვის უნდა გაეყვანა.