საქართველო ავღანეთიდან მშვიდობისმყოფელებს გამოიყვანს

© photo: Irakli Garibashvili / FBქართველო სამხედროები
ქართველო სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
ავღანეთიდან ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედრო ძალების გამოყვანის პროცესი 1 მაისიდან გრაფიკის მიხედვით დაიწყება

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველო დაიწყებს ავღანეთიდან საკუთარი სამშვიდობო კონტინგენტის გამოყვანას, რომელიც ამჟამად იქ ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მონაწილეობს.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, ამასთან დაკავშირებით ქართული მხარე ორმხრივ ფორმატში კონსულტაციებს აწარმოებს როგორც ნატოსთან, ისე თავის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან. ქართული ქვედანაყოფის ავღანეთიდან გამოყვანა მათთან კოორდინაციით მოხდება. 

ქართველი სამხედროები ავღანეთში არიან - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
საქართველომ ავღანეთში სამხედროების მორიგი როტაცია განახორციელა

„საქართველო ავღანეთში სამშვიდობო მისიაში 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია. ეს ფაქტი მკაფიოდ ცხადყოფს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მთელი ამ წლების განმავლობაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას თავდაცვის ძალების ათასობით სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა“, – ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 1999 წლიდან დაწყებული, ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ნატოს, აშშ-ის და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში არაერთხელ დაამტკიცეს მაღალი პროფესიონალიზმი, თავდადება და საერთო ღირებულებების დაცვისადმი ერთგულება.

თავდაცვის სამინისტრო უდიდეს მადლიერებას გამოხატავს თითოეული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ავღანეთის მისიებში გაწეული სამსახურისთვის და განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.

ავღანეთიდან სამხედრო ძალების გამოყვანის პროცესი, პარტნიორებთან კოორდინაციით, 1 მაისიდან დაიწყება.

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0