თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2021 წლის სამთო–სათხილამურო სეზონი დაასრულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ოთხივე სამთო–სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სეზონი კოვიდ-პროტოკოლის ყველა წესის დაცვით 8 მარტს გაიხსნა. გუდაურის შემთხვევაში ის 25 აპრილამდე გაგრძელდა, დანარჩენ კურორტებზე კი, ბუნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, აპრილის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიხურა.
2021 წლის სამთო–სათხილამურო სეზონზე ოთხივე კურორტზე 134.183 ვიზიტორი დაფიქსირდა მთაზე, ხოლო გაყიდული ბილეთების რაოდენობამ (ყველა კატეგორია) 78 ათასს გადააჭარბა.
უფრო კონკრეტულად, 2021 წლის სეზონზე გუდაურის სათხილამურო არეალს 83.055, ბაკურიანისას – 35.166, გოდერძის – 7.262, ხოლო მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი) – 8.700 ვიზიტორი სტუმრობდა.
მთის კურორტები ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მუშაობენ>>
გასულ სეზონზე, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის არიდების მიზნით, ზამთრის სათხილამურო კურორტებზე სეზონი ვადაზე ადრე, მარტში დაიხურა.