თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის სპეციალურ პორტალზე მოქალაქეების უმეტესობა Pfizer-ის პრეპარატს ირჩევს.
ამ დროისათვის პორტალზე დარეგისტრირებულია 58.927 ადამიანი.
რეგისტრირებულთა უმეტესობა ირჩევს Pfizer-ის (56.300) პრეპარატს, შემდეგ მოდიან Moderna (28.866), AstraZeneca (11.419), Johnson&Johnson (7.675), Novavax (5.265), Sinopharm (3.158) და Sinovac Biotech Co (698).
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 19 აპრილს აამოქმედა წინასწარი რეგისტრაციის პორტალი, რომლის მეშვეობითაც არეგულირებს და მართავს ვაქცინაციის პროცესს.
პორტალზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა და სასურველი ვაქცინის შერჩევა. რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ. შემოთავაზებული ვაქცინების სიიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეიძლება.
წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ. ამ პორტალის ამოქმედების მთავარი მიზანია მოქალაქეების ვაქცინებთან დაკავშირებული მოლოდინებისა და ინტერესების შეფასება. წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome.
საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. როდის დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. საქართველომ ასევე მიიღო 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი, თუმცა ამ პრეპარატით აცრა ჯერ არ დაწყებულა. Sinopharm-ით აცრის დაწყების სავარაუდო თარიღია 4 მაისი.
27 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 40.095 ადამიანი.