„ჩემთვის ყველა მოსწავლე განსაკუთრებული იყო და დღესაც ასეა“ – ასეთია იმ მასწავლებლის მიდგომა, რომელმაც სკოლაში 14-წლიანი საქმიანობის მანძილზე არაერთი მოზარდი აზიარა მარადიულ მუსიკალურ ხელოვნებას.
რაც მთავარია, მათში ის ესთეტიკური ღირებულებები ჩამოაყალიბა, რაც ასე აუცილებელია ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.
- ქალბატონო მედეა, ალბათ მუსიკისადმი თქვენი სიყვარული ბავშვობაში დაიწყო, ვინ იყვნენ ის პედაგოგები, ვინც თქვენში ეს სიყვარული გააღვივა?
- მართლაც, მუსიკისადმი ჩემი სიყვარული ბავშვობაშივე დაიწყო. დღესაც დიდი სითბოთი და პატივისცემით ვიხსენებ ქალაქ ხობის სამუსიკო სკოლიდან ჩემს პირველ მუსიკის მასწავლებელს, ქალბატონ ნაზი ბერაიას, ასევე ბათუმის სამუსიკო სასწავლებელში - ქალბატონ ლალი ჭელიძეს და სახელმწიფო კონსერვატორიაში - ბატონ ედიშერ რუსიშვილს. თითოეულმა მათგანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში.
- ანუ გარკვეულად მათი დამსახურებაა თქვენი პროფესიული არჩევანი...
- ასე გამოდის, ფასდაუდებელი შრომისა და ერთგულებისთვის მინდა გულის სიღრმიდან კიდევ ერთხელ გადავუხადო მათ მადლობა. პედაგოგობაზე ფიქრი კონსერვატორიაში სწავლის დროს დავიწყე. მსურს ჩემს მოსწავლეებს ცოდნა და სიყვარული გადავცე, მათი ნიჭის გამოვლენასა და რეალიზებას შევუწყო ხელი.
- თუ გახსოვთ როგორი იყო თქვენ მიერ ჩატარებული პირველი გაკვეთილი?
- ეს იყო თბილისის ქართულ-ინგლისურ სკოლაში „ბრიტანიკა“. მახსოვს, ვღელავდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღემდე ვცდილობ, რომ ჩემი ყოველი გაკვეთილი იყოს თავისუფალი და შემეცნებითი ხასიათის. რა პროფესიაც უნდა აირჩიონ ბავშვებმა, მუსიკის სიყვარული და მისი აღქმის უნარი ნებისმიერ დროს აუცილებელია მათივე გემოვნების, პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.
- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას იტყვით, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს მუსიკა?
- ამისთვის საჭიროა, რომ მათ ხშირად უსმინონ კლასიკურ მუსიკას, ფოლკლორს, ჯაზს... მოსმენის დროს კი დაფიქრდნენ: რა განწყობას, როგორ ემოციას იწვევს მათში ესა თუ ის მუსიკა. დაფიქრდნენ, თუ რითია ეს განპირობებული. მთავარია, რომ ბავშვმა მუსიკაზე ფიქრი დაიწყოს. კიდევ, ხშირად და გულისყურით უსმინოს თავად სამყაროს და ჩაწვდეს მის მთავარ სათქმელს. სწავლის დროს მე თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებს ვითვალისწინებ. ვცდილობ, რომ რთული საკითხები საინტერესო ფორმით მივაწოდო მათ და ამით სწავლის მოტივაცია ავუმაღლო.
- მოზარდებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება და დამატებითი მოტივაცია ხდება ხოლმე კლასგარეშე გაკვეთილები, სად ატარებთ მათ?
- ასეთ გაკვეთილებს ხშირად ვატარებ – მუზეუმში, ოპერის თეატრში, ღია ცის ქვეშ, თბილისის ბოტანიკურ ბაღში, საგამოფენო დარბაზში, სკოლის ეზოში, დერეფანშიც ჩამიტარებია... თბილად მახსენდება ბოტანიკურ ბაღში ჩატარებული მუსიკის გაკვეთილი, ხალხური საკრავების მუზეუმში ჩატარებული ხალხური სიმღერის გაკვეთილები, როცა ქართული ხალხური ტრადიციების გაცოცხლება მოსწავლეების თვალწინ მოხდა. ამგვარი მომენტები მარტო საგნისადმი ინტერესს კი არ აღვივებს, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დამოკიდებულებასაც უფრო თბილსა და უშუალოს ხდის.
- შეგიძლიათ რამდენიმე წინადადებით გამოხატოთ – რა შეუძლია მუსიკას?
- მუსიკას შეუძლია ასახოს სინამდვილე, მუსიკას შეუძლია გადმოგვცეს ამა თუ იმ ადამიანის ემოციური მდგომარეობა და გრძნობასთან დაკავშირებული განზოგადებული იდეები. მუსიკას შეუძლია იყოს ეპიკური, ლირიკული, კომიკური, დრამატული და განსხვავებული ხასიათის შეგრძნებები გამოიწვიოს. მინდა ჰაინრიხ ჰაინეს სიტყვები გავიხსენო: „მუსიკა იწყება იქ, სადაც მთავრდება სიტყვა“, და ეს, ჩემი აზრით, ყველაზე ზუსტი განმარტებაა. მუსიკა ჩემთვის შთაგონებაა, გრძნობების დამცველია, უკიდეგანო სამყაროა, რომელიც კარს გიღებს და გავსებს თავისი მრავალფეროვნებით...