თბილისი 26 აპრილი — Sputnik. უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაასაჯაროვა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ის) მიერ იყო შედგენილი.
გარდა ამისა, უწყებამ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა ტრაგედიის დღეს ელექტროსადგურის დირექტორის ვიქტორ ბრიუხანოვის პირველი მოხსენება, ოპერატორების საუბარი და ანგარიში ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
„ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი საშინელი ტრაგედიიდან 35 წლის შემდეგაც კი იმ დღეების ქრონოლოგიაში ისევ რჩება უცნობი ფურცლები. იმ მილიონობით ადამიანმა კი, რომელთა ცხოვრებაც ავარიამ შეცვალა, სიმართლე უნდა იცოდეს, ხოლო მსოფლიოს მისი შედეგები უნდა ახსოვდეს“, — ნათქვამია უწყების პუბლიკაციაში.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჩერნობილის ატომურ სადგურზე მანამდეც მომხდარა სხვა ავარიები. მაგალითად, 1982 წელს პირველ ენერგობლოკზე რადიოაქტიური ნივთიერებების მძლავრი გამოფრქვევა მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით სუკ-ის მოხსენება კი მთავრდება ფრაზით: „მიღებულია ზომები პანიკური და პროვოკაციული ხმების აღსაკვეთად“.
ირკვევა, რომ ორი წლის შემდეგ ავარიები მოხდა მესამე და მეოთხე ენერგობლოკებზეც.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფა 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. რეაქტორის აფეთქების შედეგად ატმოსფეროში რადიაციის კოლოსალური დოზა გამოიფრქვა. მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სადგურის გარშემო 30 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობა — 115 ათასი კაცი სასწრაფოდ გაიყვანეს ადგილიდან და ტერიტორია გაუცხოების ზონად გამოცხადდა. კატასტროფის რადიოაქტიური შედეგების ლიკვიდაციის საქმეში 600 ათასი ადამიანი მონაწილეობდა მთელი საბჭოთა კავშირიდან.